პარტიების დაფინანსება

უსუფაშვილი: პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი არჩევნებამდე ამოქმედდება

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 29 ივლისს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების არსებული წესი საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეიცვლება.

"იყო ერთადერთი საკითხი, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ახალ მოდელს, რომელზეც ჩავთვალეთ, რომ უპრიანი იქნებოდა ამ საკითხის გახილვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ამ თემით სპეკულირება გაგრძელდა და ამან შექმნა სრულიად არასასურველი აჟიოტაჟი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას", - ასე განმარტა უსუფაშვილმა მმართველ გუნდში გადაწყვეტილების შეცვლის მოტივი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მართავდა.

"ასევე, კიდევ ერთხელ ჩატარდა კონსულტაციები მთავრობასთან და, ბატონ ზაქარიას ცნობით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამ საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ ახლავე, ვინაიდან მაინც გადაწყვეტილი გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამ მოდელზე მსჯელობა. თუ ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანია, და გვესმის, რომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო დაფინანსება პოლიტიკური პარტიებისთვის, ცხადია, მნიშვნელოვანი კომპონენტია კამპანიის წარმატებით ჩატარებისთვის", - განაცხადა უსუფაშვილმა.    

 

კომენტარები