პარტიების დაფინანსება

ქუცნაშვილმა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ახალი მოდელი წარმოადგინა

ზაქარია ქუცნაშვილის Facebook-ის გვერდი

დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს, 29 ივლისს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების ახალი მოდელი წარმოადგინა. 

"დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 პოლიტიკური პარტია ფინანსდება. აქედან შვიდი საპარლამენტო პარტიაა, რომელთაგან ექვსი კოალიციაშია გაერთიანებული. დანარჩენი შვიდი კვალიფიციური სუბიექტია: "ახალი მემარჯვენეები", "საქართველოს გზა", ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი პარტია, "ქრისტიან-დემოკრატები", "ქრისტიან-დემოკრატების" სატელიტი პოლიტიკური გაერთიანება, "ევროპელი დემოკრატები" და კობა დავითაშვილის "ხალხის პარტია".

აღნიშნულ 14 პარტიას კიდევ ოთხი პარტია დაემატება, რომელსაც არცერთ ბოლო არჩევნებზე ბარიერი გადალახული არ აქვს. ესაა: "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ლეიბორისტული პარტია", "თავისუფალი საქართველო" და "ქართული დასი". ისინი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ. ერთჯერად დაფინანსებას ამ ოთხი პარტიის გარდა ასევე მიიღებს: "ახალი მემარჯვენეები", "ქრისტიან-დემოკრატები" და "ხალხის პარტია".

დაფინანსების შემოთავაზებული პრინციპი ასეთია: შვიდი საპარლამენტო პარტია მიიღებს დამატებით 300-300 ათას ლარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შვიდი არასაპარლამენტო პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და ბარიერს მიღმა დარჩა, მიიღებს თითოეული ცალ-ცალკე - 150-150 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, საბაზისო დაფინანსება გაეზრდება თოთხმეტივე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების ახალი მოდელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამოქმედდება.

კომენტარები