პარტიების დაფინანსება

NGO-ები: ერთი დეპუტატის გამო პარტიისთვის დაფინანსების აღდგენა გაუმართლებელია

parliament.ge

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" - გაუმართლებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც პოლიტიკური გაერთიანებას, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ყოველწლიურად 600 000 ლარზე მეტი ოდენობით საბიუჯეტო დაფინანსება მხოლოდ იმიტომ აღუდგება, რომ პარლამენტში მათმა ერთადერთმა წარმომადგენელმა 2016 წელს ფრაქცია შექმნა. 

ორგანიზაციები ამ საკანონმდებლო ცვლილებას ერთ პარტიაზე მორგებულს უწოდებენ.  

საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“კანონის ცვლილებები 18 აპრილს, 77 ხმით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, პარტიას კვალიფიციურის სტატუსი მიენიჭება და საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს, თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი/წევრები შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, მიუხედავად იმისა, გადალახავს თუ არა ეს პარტია არჩევნებში 3%-იან ზღვარს. 

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილება ყოვლად გაუმართლებელია, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ მხოლოდ ერთ პარტიაზეა მორგებული, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად საჭირო სტანდარტს და შეზღუდული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფა მათ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოპოვებული მხარდაჭერის გამო უნდა ხდებოდეს და არა პარლამენტში ერთი წევრის არჩევისთვის, რომელიც შემდეგ ფრაქციას შექმნის.  

ამ ცვლილებებამდე პარტია კვალიფიციური იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ ის ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთ-ერთში მაინც მიიღებდა ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 3%-ს მაინც პროპორციული სიით. მიღებული ცვლილებებით ეს მოთხოვნა უქმდება და მხოლოდ ერთი დეპუტატის გამარჯვებაც საკმარისი ხდება. 

ცვლილებების შედეგად პოლიტიკური გაერთიანება „მრეწველობა გადაარჩენს საქართველო”, რომელსაც2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი ბარიერის გადაულახაობის გამო (არ მონაწილეობდა არჩევნებში) გაუუქმდა დაფინანსება, ისევ კვალიფიციურ პარტიად ჩაითვლება და სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ ერთი დეპუტატის გამო აღუდგება - ასეთი დაბალი ლეგიტიმაციის პარტია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 600 000 ლარზე მეტი ოდენობით დაფინანსებას მიიღებს, ასევე შემდეგი საერთო არჩევნებისთვის წარმომადგენლების ხელფასებისა და 50 ათას ლარამდე სარეკლამო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას, ასევე უფასო სარეკლამო დროის ერთი პორციას

ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებენ, დააჩქაროს პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმირებაზე მუშაობა, რომელიც სხვა პრობლემებთან ერთად, ამ ახალი ცვლილებების შედეგად წარმოშობილ უსამართლო შედეგსაც აღმოფხვრის. 

კომენტარები