BATUMI SUMMER SET

ბათუმი SUMMER SET 2013-ისთვის მზადაა

ბათუმი მზადაა 22, 23 და 24 აგვისტოს საოცრებათა პარკში BATUMI SUMMER SET FEST 2013–ს უმასპინძლოს. ანბანის კოშკის გვერდით, საფესტივალო ქალაქის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ის რამდენიმე ზონისგან შედგება. ძირითადი და საცეკვაო სცენები, კინოთეატრი, ბარი, თამაშებისთვის გამოყოფილი ადგილი, სპეციალურად მოწყობილი ინფრასტრუქტურა, ბანერები ფოტოგადაღებისთვის – ასეთია საფესტივალო ქალაქი, რომელიც ფესტივალის სტუმრებს 3 დღის განმავლობაში 20:00 საათიდან გათენებამდე უმასპინძლებს.

Laid Back, Betoko, Phon-O, Sleep Party People, Giraffage, Dominik Eulberg, Max Cooper, Faithless - იმ მუსიკოსების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მოსმენასაც ბათუმის რიგით უკვე მეორე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე შეძლებთ.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ 22-24 აგვისტოს სინოპტიკოსები მზიან ამინდს პროგნოზირებენ, საფესტივალო ქალაქის ტერიტორია მაინც სანახევროდ გადახურული იქნება და მსმენელებს შეეძლებათ ბათუმური ამინდის კაპრიზებისგან დაცულებმა,ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე უსმინონ ხარისხიან მუსიკას .

ბილეთების და აბონემენტების გაყიდვა თბილისში 20 აგვისტოს დასრულდება, ბათუმში კი მათი შეძენა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში იქნება შესაძლებელი. სამდღიანი აბონემენტის ღირებულება 70 ლარს შეადგენს, ერთდღიანი ბილეთი ფასი კი 35 ლარია.

კომენტარები