BATUMI SUMMER SET

Batumi Summer Set

ბათუმის „საოცრებათა პარკი" 22, 23 და 24 აგვისტოს ამიერკავკასიაში ელექტრონული მუსიკის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს, Batumi Summer Set-ს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „მთვრალი ალუბალი", რომელიც 13 ქართველი მუსიკოსის გარდა, 10 ცნობილ უცხოელ ვარსკვლავს მოიწვევს.

ფესტივალს სამი ჰედლაინერი ეყოლება. პირველ დღეს დანიური პროექტი Laid Back სტუმრებს საათნახევრიან პროგრამას – ცნობილ ჰიტებს შესთავაზებს. 23 აგვისტოს მსმენელის წინაშე ასევე დანიური ბენდი Sleep Party People წარდგება. ღონისძიების ბოლო დღეს კი ბრიტანული დუეტი Faithless დაუკრავს.

Batumi Summer Set ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით დაფუძნდა და წელს უკვე მეორედ იმართება. შარშანდელი ღონისძიებისგან განსხვავებით, ამჯერად „საფესტივალო ქალაქის" შექმნა იგეგმება. დეკორაციის მრავალფეროვნება, არტისტებისთვის ინდივიდუალური ვიზუალები, კარვები, რამდენიმე ბარი და იზოლირებული VIP-ლაუნჯი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს საფესტივალო გარემოს შეუქმნის.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ტატო ხარჩილავას თქმით, ღონისძიების ერთ-ერთი კონცეფცია ქართველი არტისტების ხელშეწყობაა – „თანამშრომლობა უცხოელ მუსიკოსებთან მათ კარიერაში ძალიან კარგად აისახება. მაგალითად, შარშანდელმა ჰედლაინერმა ჯეიმს ზაბიელამ დეკემბერში ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემაში 2012 წელი შეაჯამა. როდესაც ჰკითხეს, ვინ არის ხალხი, ვისაც მსოფლიო უნდა უსმენდეს, ზაბიელამ ქართველი მუსიკოსები – გიორგი შენგელია და Green Beam & Leon დაასახელა. ეს მათთვის ძალიან დიდი სტიმული იყო".

Laid Back

თუ ჯგუფის სახელწოდება არაფერს გეუბნებათ, აუცილებლად გაიხსენეთ სინგლი Happy Dreamer, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა მუსიკოსმა დააქავერა და ახლაც პოპულარობით სარგებლობს. ამ ტრეკის ავტორი სწორედ Laid Back-ია. ან მოუსმინეთ 1982 წელს დაწერილ მსოფლიო ჰიტს Sunshine Reggae, რომელმაც მოკლე პერიოდში მთელი მსოფლიო მოიცვა, ევროპულ ჩარტებში პირველ ადგილს არ თმობდა და 20 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ან თუნდაც ნახეთ ბენდის 90-იანი წლების ვიდეოკლიპი სიმღერაზე Baker Man, რომლის რეჟისორიც ლარს ფონ ტრიერია და 5500 მეტრზეა გადაღებული.

Laid Back

70-იანი წლები, დანია – ჯონ გალდბერგი და ტიმ სტალი ბენდ სტარბოქსში ერთმანეთს ხვდებიან. ჯგუფი მალევე იშლება, თუმცა 1979 წელს გალდბერგი და სტალი კოპენჰაგენში პატარა სტუდიას ხსნიან და Laid Back-ს აყალიბებენ. ეს სწორედ ის მუსიკალური რევოლუციის პერიოდია, როდესაც ახალი ტექნოლოგიები შემოდის და მუსიკოსები მრავალხმიანი ჩამწერების, რითმ-ბოქსებისა და სინთეზატორების გამოყენებას იწყებენ.

34 წლის ბენდი 12 სტუდიური ალბომის ავტორია. სინთ-პოპი, ნიუვეივი, პოსტდისკო – მუსიკა ახალ ტექნოლოგიებზე ექსპერიმენტით იქმნება. აღსანიშნავია, რომ მათი ყველა ჩანაწერი მინიმალიზმით გამოირჩევა. Laid Back-ის საიდუმლო შექმნის დღიდან სწორედ რომ „ნაკლები ნიშნავს მეტს" სტილია.

Sleep Party People

დანიური პროექტი Sleep Patry People ქმნის უკიდურესად მისტერიულ მუსიკას, რომლის ჟანრსაც ზუსტი დეფინიცია არ აქვს. ე.წ. საძინებლის პროექტს აფასებენ, როგორც ზღაპარს, რომელშიც ჯადოსნური ფერები დაღამებასთან ერთად უფრო და უფრო მკვეთრდება. ბრაიან ბეთზი ამ პროექტის ავტორია.

Sleep Party People
ექსპერიმენტებით სავსე ინსტრუმენტული მუსიკა ძველი დასარტყამი ინსტრუმენტის, პიანინოსა და გიტარის გამოყენებით იქმნება. ვინც ოდესმე Sleep Patry People-ის ლაივს დასწრებია ან ვიდეოჩანაწერები უნახავს, სცენაზე შეამჩნევდა კურდღლის ფორმის მიღმა დამალულ მუსიკოსს, რომელიც ამგვარად საკუთარ ანონიმურობას იცავს.

Sleep Patry People დანიაში 2010 წლიდან გამოჩნდა და ამ დროისთვის ორი სტუდიური ალბომის ავტორია. სადებიუტო ნამუშევარი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გამოშვებულ ერთ-ერთ უცნაურ და ლამაზ ალბომად შეაფასეს. I'm Not Human At All პროექტის ყველაზე ცნობილი ტრეკია.

Faithless

ტექნოსა და ტრიპ-ჰოპის სინთეზი – ასე აღწერს თავად Faithless საკუთარ მუსიკალურ მოღვაწეობას. Insomnia, God Is a DJ, We Come 1 ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია.

Faithless 1995 წელს ბრიტანეთში სისთერ ბლისმა შექმნა. შემდეგ ვოკალისტი და რეპერი მაქსი ჯაზი, ინსტრუმენტალისტი ჯეიმს კოტო და პიანისტი როლო არმსტრონგი შეუერთდნენ. კოტომ ჯგუფი მეორე ალბომზე მუშაობისას დატოვა. ბენდი პერიოდულად სხვადასხვა მუსიკოსებთანაც თანამშრომლობდა.

Faithless 6 სტუდიური ალბომის ავტორია და მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 12 მილიონი დისკი აქვს. 2011 წელს მაქსი ჯაზმა ბენდის კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა, მას შემდეგ, ჯგუფმა რამდენიმე ტურნე ჩაატარა და ფესტივალებშიც მიიღო მონაწილეობა.

24 აგვისტოს, სპეციალურად Batumi Summer Set-ისთვის, ჯგუფის წევრები მაქსი ჯაზი და სისთერ ბლისი ჩამოვლენ და ორსაათნახევრიან პროგრამას წარმოადგენენ.

ჰედლაინერების გარდა, ფესტივალ Batumi Summer Set-ში მონაწილეობას მიიღებენ მექსიკელი დიჯეი Betoko, ბრიტანელი Synkro, გერმანელი დიჯეი/პროდიუსერი Phon-O, ამერიკელი Giraffage, ქართველებიდან Giorgi Shengelia და Sikha, Solar Eclipse, Green Beam & Leon და სხვა მუსიკოსები.

ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა თბილისში, ფილარმონიის სალაროებში, ბათუმის აეროპორტსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ჯიხურებში შეეძლებათ. ასევე, ინტერნეტსაიტ Biletebi.ge-ზე. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ Batumi Summer Set-ზე ბილეთის ღირებულება ანალოგიური ტიპის ევროპულ ფესტივალებთან შედარებით უპრეცედენტოდ დაბალი იქნება. სამი დღის განმავლობაში, ეშმაკის ბორბალთან არსებულ „საოცრებათა პარკში" 45000 სტუმარს ელოდებიან.

კომენტარები