ნაციონალური მოძრაობის განცხადება

ენმ: ონის გამგებელსა და მის მოადგილეებზე ზეწოლა მიმდინარეობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და საქართველოს რეგიონებში თვითმმართველობებსა და გამგეობებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. განცხადებაში წერია, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული აგრესია ეხება იმ რაიონებს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში თანამდებობები მხოლოდ იმ გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა შეინარჩუნეს, რომლებმაც თავიანთ პარტიულ კუთვნილებაზე უარი თქვეს და კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ რომელიმე პარტიაში გადაინაცვლეს ან უპარტიოები გახდნენ.

"თუმცაღა აღმოჩნდნენ "ურჩებიც", რომლებმაც ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად მაინც არ თქვეს უარი ენმ-ს წევრობაზე. ასეთების მიმართ ხელისუფლება უფრო მკაცრ მეთოდებზე გადავიდა. ამის მაგალითია სრულიად აბსურდული მიზეზებით ადიგენის გამგებლის, მარტვილის გამგებლის მოადგილის, ვანის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება. სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების არარსებობის გამო, ეს პიროვნებები არსებით განხილვამდე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულნი არიან, მაგრამ შედეგი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ისახავს მიზნად, მიღწეულია - ისინი თანამდებობებს აღარ იკავებენ", - წერია განცხადებაში.

აღნიშნულ თემაზე ბოლო განცხადება ნაციონალურმა მოძრაობამ 5 სექტემბერს გაავრცელა, რომელშიც ის რაიონები იყო ჩამოთვლილი, სადაც ბოლო პერიოდში ზეწოლამ განსაკუთრებული ხასიათი მიიღო. ესენია: მარტვილი, ვანი და ონი.

"როგორც ჩანს, დადგა ონის ჯერი. ბოლო ერთი თვეა ონის გამგებელზე, კობა გამყრელიძეზე და მის მოადგილეებზე, თეიმურაზ გრძელიშვილსა და მიხეილ ბიძიშვილზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა ისინი გადადგნენ თანამდებობიდან. ამის შედეგად თეიმურაზ გრძელიშვილმა საკუთარი განცხადებით დატოვა თანამდებობა და მის ადგილას დაინიშნა ნუგზარ ბიჭაშვილი, ონის პოლიციის ყოფილი უფროსი. ნუგზარ ბიჭაშვილი რამდენიმე წლის წინ გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან სამსახურებრივი გადაცდომის გამო (საქმე შეეხებოდა მკვლელობისათვის დაპატიმრებული მისი ნათესავისადმი ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას). რაც შეეხება მოქმედ გამგებელს, კობა გამყრელიძეს, მის მიმართ თავდაპირველად დამოკიდებულება განსხვავებული იყო, მას სთავაზობდნენ სამსახურს - ადგილობრივი სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეობას. უარის შემდეგ საქმეში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთნენ, შედგა არაერთი შეხვედრა - ემუქრებიან მისი და მისი ოჯახის წევრებისათვის პრობლემების შექმნით", - წერია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, მთელი ამ პროცესის ორგანიზატორები და ხელმძღვანელები პარლამენტის წევრი დავით საგანელიძე და კოალიცია ქართული ოცნების ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიშვილი არიან.

დასასრულს, ნაციონალური მოძრაობა აღნიშნავს, რომ "9 სექტემბერს, 12 საათზე დანიშნულია ონის საკრებულოს სხდომა, სადაც ჩვენი ინფორმაციით კობა გამყრელიძე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს", - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები