ნაციონალური მოძრაობის განცხადება

ენმ უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას ფიქციად აფასებს

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას ფიქციად აფასებს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კომისიის ანგარიში ნაციონალური მოძრაობის მიერ გაგზავნილ საჩივრებს არ პასუხობს და მისი მუშაობა წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არ ემსახურება, არამედ, პირიქით, ამართლებს სამართალდამცავი ორგანოებისა და მმართველი პარტიის კანონდარღვევით ქმედებებს და სამართლებრივ ვალდებულებას უგულვებელყოფს.

ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო დარღვევებს ასახელებს:

"I. წინასაარჩევნო დარღვევებიდან ყველაზე მძიმე არის ძალადობის ფაქტები ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ. კომისია კმაყოფილდება იმით, რომ პროკურატურისთვის გადაცემულია ჩვენი საჩივრები და"გამოძიება გრძელდება" კვირების განმავლობაში; არცერთი დამნაშავე სისხლის სამართლის წესით დღემდე არ დასჯილა, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ფაქტები აღბეჭდილია ვიდეოფირზე. ერთ შემთხვევაში, პროკურატურა საქმის დაუსრულებლობას აბრალებს დაზარალებულის უარს სამედიცინო შემოწმებაზე. ქალბატონი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ 30 აგვისტოს მხოლოდ იმიტომ,რომ დავით ბაქრაძის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდა, 27 სექტემბერს მიჰყავდა პროკურატურას სამედიცინო შემოწმებაზე, რომ დაემტკიცებინა ძალადობის ნიშნების არარსებობა;

II. დარღვევების მეორე კატეგორია უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის წევრების სისხლის სამართლებრივ დევნას. მაშინ, როდესაც ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება უკვე ოთხ თვეზე მეტია და მიუხედავად პრემიერის დაპირებისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ოპონენტების დევნა შეწყდებოდა,ასობით საქმეა აღძრული ჩვენი წევრების მიმართ. კომისიამ 2სექტემბერს გამოსცა რეკომენდაცია და მოუწოდა პროკურატურას წინასაარჩევნო პერიოდში შეწყვიტოს მსგავსი საქმეები, რომლებიც ცალსახად პოლიტიკურადაა მოტივირებული. თუმცა, რეკომენდაციის მიღების შემდეგ, დააკავეს ადიგენის გამგებელი და მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გრძელდება მარტვილის საკრებულოს წევრების დაკითხვა (ერთ-ერთი 30-ჯერ დაიკითხა), ონის საკრებულოზე ზეწოლა და ფოთისაქტივისტების დაკითხვა.

III. დარღვევების მესამე კატეგორია მოიცავს ადამიანების სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნას, რომელსაც ხელს აფარებს კომისია. არცერთ ადამიანს არ აღუდგინეს სამუშაო ადგილი კომისიის რეკომენდაციის შედეგად და მეტიც, დათხოვნები გრძელდება.

IV. მეოთხე კატეგორია ეხება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას. არცერთი ადამიანი არ დაჯარიმებულა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისთვის, მათ შორის მოქმედი პოლიციელები, რომლებიც უკანონოდ მონაწილეობენ მარგველაშვილის წინასაარჩევნო აგიტაციაში და მნიშვნელოვნად ზღუდავენ წინასაარჩევნო გარემოს თავისუფლების ხარისხს", - წერია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა კომისიის შესაძლო დატოვების საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის და საქმიანობას აგრძელებს, რათა კომუნიკაციის არცერთი არხი საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან არ შეზღუდონ.

კომენტარები