ნაციონალური მოძრაობის განცხადება

ენმ: ბურჯანაძის თანამოაზრეები მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ

ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსში მყოფი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი.

ენმ-ის განცხადებაში საუბარია ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე.

"ახალმა, და ჯერჯერობით საზოგადოებისთვის სრულიად უცნობმა, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, საკუთარ პირველ მოადგილედ სწორედ ქ-ნი ბურჯანაძის პარტიის მმართველი საბჭოს წევრი ლევან ღირსიაშვილი დანიშნა. ის ფაქტი, რომ იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ოფიციალურად გამოდის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ, ჩააბარეს სწორედ ნატოსთან ურთიერთობები, ჩვენი უკიდურესი შეშფოთების საგანია", - ნათქვამია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამავე პარტიის დარბაზის წევრი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის დევნილი მთავრობის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა. იმავე პარტიის წარმომადგენელი ზაზა სოფრომაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა, ხოლო თეიმურაზ მურღულია - გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე.

"საქართველოს ამომრჩეველმა ხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში არა ნინო ბურჯანაძეს - ვლადიმირ პუტინის ოფიციალურ თანამოაზრეს - არამედ ბიძინა ივანიშვილს მისცა მის მიერ გაცემული საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად. აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ გააკეთოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე - ოკუპანტის ოფიციალური პარტნიორის ფარულ ხელისუფლებაში მოსვლასთან თუ ამ პოლიტიკურ ძალასთან ქართული ოცნების დე ფაქტო შერწყმასთან", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები