თომას ჰამარბერგი

ჰამარბერგი: ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია

ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია, - განაცხადა 22 სექტემბერს კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა.

მან ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ აუცილებელია შემდგომი ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმები რელიგიის თავისუფლების დასაცავად. "თავიდან უნდა იქნას აცილებული უმცირესობის საკითხის განხილვა მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში. ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია", - აღნიშნა ჰამარბერგმა.

თომას ჰამარბერგის შეფასებით, უმცირესობებთან მიმართებაში 17 მაისის აქციასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივი რეაქცია არასაკმარისი იყო. "რაც მოხდა, იყო აბსოლუტურად მიუღებელი, ამაზე კი, ვფიქრობ არასაკმარისი იყო რეაქცია მთავრობის მხრიდან - სამართლებრივი რეაქცია არ იყო საკმარისი. დისკუსიები იმართებოდა იმასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცნენ თუ არა შესაბამისი პირები. გამოძიება თითქოს ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს რისკი იმისა, რომ ეს ყველაფერი იქნას აღქმული ხალხისადმი შემდეგ გზავნილად - თითქოს ეს არ იყო სერიოზული საკითხი. ამ დროს, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ინციდენტი იყო. ადამიანები სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი პოლიციამ გადაარჩინა, როცა მათი ევაკუაცია და მიკროავტობუსებში ჩასმა მოახდინა. თითოეულმა ქვეყანამ, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, ეს საკითხი უნდა გადაჭრას", - აღნიშნა ჰამარბერგმა.

მისივე განმარტებით, აუცილებელია წარიმართოს დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ საზოგადოებაში არსებულ ღრმა სტერეოტიპებს.
"ჩანს, რომ ჰომოფობია იმდენად ფართოდაა გავრცელებული, რომ უბრალოდ ვერავის ეტყვი - "სხვანაირად მოიქეციო". ბევრ ადამიანს მართლაც გულით და სულით სჯერა, რომ რასაც აკეთებს სწორია, მაგრამ ჰომოფობია ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლინებაა, ამიტომაც პოლიტიკოსებმა ნათლად უნდა განაცხადონ, რომ ესაა გამყოფი ხაზი, რომლის იქეთ გადასვლა არ შეიძლება. ამ ყველაფერში დიდი როლი აკისრია ეკლესიას. აუცლებელია ეკლესიასა და საზოგადოებას შორის დიალოგი", -აღნიშნა ჰამარბერგმა.

თომას ჰამარბერგმა დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 40-გვერდიანი ანგარიში წარადგინა.

კომენტარები