ბოკერიას განცხადება

ბოკერია: საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთავარი პატრიოტი უნდა იყოს

გიგა ბოკერია
tabula.ge

ჩვენი ქვეყნის მთავრობა უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პატრიოტი, - ასე გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობაში. მისი განცხადებით, წარმოუდგენელია, საერთაშორისო თანამეგობრობას მოსთხოვო მძაფრი რეაქცია რუსეთის აგრესიაზე მაშინ, როდესაც თავად საქართველოს მთავრობას არ აქვს იგი.

"რუსეთის მიერ "საზღვრების გადმოწევაზე" ვისაუბრეთ ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც, თუ რამდენად სახიფათოა ეს პროცესი და რამდენად აუცილებელია დღესვე მძაფრი რეაგირება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუმცა რამდენჯერმე მოვისმინეთ პასუხი, რომ მათთვის გასაგებია ჩვენი (უმცირესობის) პოზიცია, თუმცა ისინი გვეუბნებოდნენ, რომ მათ ასევე მოისმინეს ქვეყნის მმართველის, პრემიერმინისტრის განცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ ეს უბრალოდ გაუგებრობაა. თანამეგობრობის პასუხი ასეთია - რატომ მოელით, რომ ჩვენ უფრო მძაფრი რეაქცია გვექნება, ვიდრე თქვენს მთავრობას აქვს?" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, რუსეთის გააქტიურებაში ახალი არაფერია, მას მუდამ ასეთი პოლიტიკა ჰქონდა და გააგრძელებს კიდევაც. უშიშროების საბჭოს მდივნის აზრით, პრობლემა საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლო ნაბიჯები და რუსეთის აგრესიაზე არაადეკვატური რეაქციაა.

"რუსეთმა ნახა, რომ კარგ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს ახალი მთავრობა მზად არ არის ამ ტიპის გამოწვევისთვის. ეს გამოჩნდა მთავრობის აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქციით, განსაკუთრებით პრემიერმინისტრის განცხადებები, როდესაც ის ამბობს, რომ ეს გაუგებრობაა, რომ შეიძლება ეს ოლიმპიადას უკავშირდება, ასევე რიგაში გაკვრით იყო საუბარი ამ პრობლემაზე, სადაც მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი ამ პროვოკაციას არ აყვებიან. ამ ტიპის რეაქციები ასუსტებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე. შეუძლებელია, ერთი ხელით ასეთ განცხადებებს აკეთებდე და მეორე ხელით ჩუმად ან ნახევრად ჩუმად ვიღაცას დახმარებას სთხოვდე. ჩვენს პრემიერს ჰგონია, რომ ერთ დედაქალაქში გაკეთებული განცხადება მეორეში არ იციან. ჩვენ ვნახეთ ლიტვის პრეზიდენტის სამწუხარო გამოსვლა, სადაც მან თქვა, რომ ის ბოლომდე დაიცავს მოლდოვისა და უკრაინის ინტერესებს, ხოლო საქართველოზე კომენტირებისას, განაცხადა, რომ ქვეყანა ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები