საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ოპოზიცია უარყოფითად აფასებს

აზერბაიჯანში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყნის ოპოზიცია უარყოფითად აფასებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე ბინძური არჩევნებია.

სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის დროს ოპოზიციური ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯამილ ჰასანლიმ განაცხადა, რომ საარჩევნო სიებში მოხვდნენ ის ადამიანები, ვინც ქვეყნიდან გასულია და მათ ნაცვლად ხდება ხმების მიცემა. ჰასანლი ასევე საუბრობს ე.წ. კარუსელების სისტემის არსებობის შესახებ.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, რამდენიმე უბანზე დარღვევები დაფიქსირდა. თუმცა ალიევის მმართველი პარტია დარღვევებში ოპოზიციას ადანაშაულებს.

არჩევნების მსვლელობის დროს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოქმედი პრეზიდენტი ალიევი ხმების 70 პროცენტზე მეტს იღებს. გავრცელებული ინფორმაციის წყაროდ სპეციალური პროგრამები სახელდება, რომელთა დამზადებაშიც აზერბაიჯანის  ცენტრალურ საარჩევნო კომისია მონაწილეობდა.

არჩევნები ადგილობრივი დროით 7 საათზე დასრულდება.

კომენტარები