მინისტრობის კანდიდატები კომიტეტებში

მინაშვილი: ბატონი პაატა არის არა რეინტეგრაციის, არამედ დეზინტეგრაციის მინისტრი

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, აფხაზური და ოსური საზოგადოებები დღეს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ გაუცხოებულები არიან. როგორც ზაქარეიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ეს გაუცხოება მოხდა მას შემდეგ, რაც "დაშვებული იქნა საომარი მოქმედებები" 2008 წლის აგვისტოში.

"ჩვენი ამოცანაა, არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში დავაჯეროთ ეს მოსახლეობა, რომ მათი ერთადერთი, ღირსეული გამოსავალი არის საქართველოს საშუალებით ევროპის ინსტიტუტებში ჩართულობა. ამ ფონზე ყველაზე მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არის გაუცხოება. მიუხედავად ამისა, 1 წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმაზე მეტ წარმატებას, ვიდრე 20 წლის განმავლობაში. პრაქტიკულად მოისპო ურთიერთბრალდებები მხარეებს შორის. პრაქტიკულად არ არსებობს აგრესიული რიტორიკა, როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე აფხაზური და ოსური საზოგადოებების მხრიდან. 1 წლის განმავლობაში, არ არსებობს არც ერთი ეჭვიც კი, საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ. თუმცა, მათი პოზიციები ყოველთვის მკაფიოდ იყო აღიარებისკენ მიმართული, მაგრამ არასდროს არ ყოფილა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ რაღაც გარკვეული აგდებული დამოკიდებულება, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო წინა პერიოდებში", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს გამყოფი ხაზის გასწვრივ რაიმე დაძაბულობა, როგორც ადრე ხდებოდა. მისი თქმით, ადრე ხდებოდა გარკვეული ტერაქტები, ადამიანებს საეჭვოდ იტაცებდნენ, რაც მოისპო.

"აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ოპონენტები, (აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას არ დავარქმევ მტრებს, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან) ჩავარდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ მათ აქვთ არჩევანი დაიწყონ თუ არა მოძრაობა და თანამშრომლობა საქართველოსთან - თუ ჯერ კიდევ ანგარიში გაუწიონ იმ რუსულ ფაქტორს, რომელიც აშკარად აგრესიულია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებებია არაღიარების კუთხითაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთმა სახელმწიფომ აღიარება უკან წაიღო. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა კი, პაატა ზაქარეიშვილს მოუწოდა, განზრახ ნუ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.

"ის სახელმწიფო, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ უკან წაიღო აღიარება, ეს თქვენს დროს არ წაუღია, ჩვენს დროს წაიღო. შემიძლია დავასახელო - ვანუატუ. ამიტომ, მცდარ ინფორმაციას განზრახ ნუ ავრცელებთ", - განაცხადა მინაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პაატა ზაქარეიშვილს კითხვები არ დაუსვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ "ბატონი პაატა არის არა რეინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის მინისტრი".

"ის არის ადამიანი, რომელიც მთავრობაში განსაკუთრებით ახმოვანებს რუსეთის პოზიციას. აქედან გამომდინარე, მასთან კითხვები არ გვაქვს", - განაცხადა მინაშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, უხარია, რომ ნაციონალურ მოძრაობას მასთან კითხვები არ აქვს.

"ამით აშკარად ჩანს, რამდენად წარმატებულია ჩვენი საქმიანაობა, რადგან მათ კითხვებიც არ აქვთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები