მინისტრობის კანდიდატები კომიტეტებში

წულუკიანი: ის, რომ ღარიბაშვილმა ხვედელიძე დასაჯა, სამაგალითოა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი ფარესიშვილის საქმეზე გელა ხვედელიძისთვის ბრალის წაყენება მთავრობის რეაგირების კუთხით, სამაგალითოა. როგორც წულუკიანმა დღეს პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის საპასუხოდ თქვა, ის, რაც შს ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, სამაგალითოა.

"ეს წინა ხელისუფლების ფარგლებში იქნებოდა წარმოუდგენელი, როცა შს მინისტრმა სამაგალითოდ დასაჯა საკუთარი მოადგილე, რადგან პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი. მე ასევე შეგახსენებთ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩაწერილი სექსუალური და პირადი ცხოვრების ამსახველი ასეულ ათასობით საათი გავანადგურეთ საჯაროდ. ასევე,  შემოგვაქვს კანონი, რომ სანქცია გამკაცრდეს იმის წინააღმდეგ ვინც კი გაბედავს ასლით დაშანტაჟებას. თუ თქვენი პარტიის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ ექნებათ გატანილი ასლები და ამას გამოიყენებენ შანტაჟის მიზნით, ისინი დაისჯებიან" - მიმართა წულუკიანმა უმცირესობას.

ჩიორა თაქთაქიშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, ფარესიშვილის საქმეზე რატომ არ დაკითხეს სხვა მაღალი თანამდებობის პირები და  რამდენად წარმატებულად წარიმართა გამოძიება.

"მიუხედავად იმისა, რომ  ხვედელიძეს ბრალი წაეყენა, ის არის ერთადერთი პირი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბატონი ფარესიშვილი აცხადებდა, რომ დანაშაული ჩაიდინეს მთავრობის  სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც. აუდიოფირებიც წარმოადგინეს, სადაც მათი განცხადებით, ხმები ფიგურირებს. როგორ აფასებთ, რამდენად წარმატებულად წარიმართა გამოძიება, რატომ არ დაკითხეს ის მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც ასახელებდა ფარესიშვილი და თვლით თუ არა, რომ ასეთი სტანდარტით უნდა გაგრძელდეს გამოძიება" - ჰკითხა თაქთაქიშვილმა წულუკიანს.

ცნობისთვის, 2013 წლის მაისში ინტერნეტში გავრცელდა მოქალაქე გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვირტუალურ სივრცეში მისმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ განათავსა. ამის გამო ხვედელიძე დააკავეს. შს მინისტრის ყოფილი მოადგილეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 14 მაისის ბრძანებით კი, ბიძინა ივანიშვილმა გელა ხვედელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს და ხვედელიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს,

თავად დაზარალებულმა გიორგი ფარესიშვილმა შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის თანამდებობიდან გათავისუფლება სამართლიანობის ზეიმის პირველ ეტაპად შეაფასა და არჩილ კბილაშვილის პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან ჩამოშორებაც მოითხოვა.

ასევე, 2013 წლის 13 მაისს გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორმა ელისო კილაძემ და სახალხო კრების წევრმა ლაშა ამირეჯიბმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გიორგი ფარესიშვილის საქმის შესახებ ისაუბრეს. კილაძის თქმით, შს მინისტრმა სამართლიანი და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, მისი უკვე ყოფილი პირველი მოადგილის დაკავებით, თუმცა, საქმეში სხვა პირების ბრალეულობის საკითხიც იკვეთება.

"ვიცით, რომ 29 აპრილს საიტის შესაძენი ფული გადაირიცხა საქართველოდან, გვაინტერესებს ყველა იმ კონკრეტული პირის დასახელება, ვინც მონაწილეობდა ორგანიზებულ დანაშუალში. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მინისტრის მოადგილე თავად წავიდა, გადარიცხა თანხა და თავად ატვირთა ეს კადრები საიტზე", - განაცხადა ელისო კილაძემ და ფარული აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლებშიც, მისი თქმით, საუბარია გელა ხვედელიძის, ლაშა ამირეჯიბისა და ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილის შეხვედრაზე, მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო კვერცხის იმპორტს, რომლითაც გარკვეული ჯგუფები არიან დაინტერესებული. კილაძე აცხადებდა, რომ უნდა დადგეს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც და კბილაშვილმა ის თანამდებობიდან დროებით მაინც უნდა გადააყენოს.

"ვფიქრობ, რომ მთავრმა პროკურორმა თანამდებობიდან უნდა გადააყენოს მისი პირველი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი. თუ ჩვენ გვინდა გამოძიება ობიექტურად დასრულდეს, ლაშა ნაცვლიშვილის ზედამხედველობით ეს ვერ მოხდება", - თქვა კილაძემ 13 მაისს.

კომენტარები