მინისტრობის კანდიდატები კომიტეტებში

წულუკიანი: ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრა ძალიან იმედიანი იყო

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი პროკურორობის კანდიდატთან ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრა ძალიან იმედიანი იყო. პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წულუკიანმა ფარცხალაძე დადებითად დაახასიათა. წულუკიანის თქმით, ოთარ ფარცხალაძეს აბსოლუტურად იდენტური ხედვა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სწრაფი, ძირეული რეფორმები უნდა გატარდეს პროკურატურაში.

"მე ძალიან დიდი იმედით განვეწყვე გუშინ. მქონდა დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა მთავარი პროკურორობის ახალ კანდიდატთან. ეს შეხვედრა ძალიან იმედიანი იყო, მე გახარებული ვარ იმით, რომ ჩვენ გვეყოლება მთავარი პროკურორი, რომელიც თავისი გუნდით მოვა, საგამოძიებო საქმეს რეალურად მაღალ ხარისხში აიყვანს, პროკურატურას გააჯანსაღებს და გახდის იმ ღირსეულ დაწესებულებად, რომლის მოსმენა ტელევიზორში ყველას გაუხარდება და ეამაყება", - თქვა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა.

კომენტარები