პროტესტი უკრაინაში

ჯეფრი პაიეტი: აშშ-ის სენატმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას twitter-ზე უკრაინაში ამერიკის ელჩი ჯეფრი პაიეტი ავრცელებს.

რეზოლუციაში, რომელიც ამერიკის სენატში განსახილველად 18 დეკემბერს შევიდა, სენატორები უკრაინის ხელისუფლებას ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, უკრაინელი ხალხის თავისუფალი აზრის გამოხატვისა და შეკრების უფლებები დაიცვას.

რეზოლუციაში ასევე დაგმობილია 30 ნოემბერს, პირველ და თერთმეტ დეკემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა. მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ და დაკავებული მომიტინგეები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან.

"უკრაინის მთავრობასა და უკრაინელ ხალხს აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ თავიანთი საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკური კურსი. არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება განსაზღვროს მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ორიენტაცია, არც იმის გადაწყვეტის უფლება აქვს თუ რომელ ალიანსს და სავაჭრო შეთანხმებას შეუერთდებიან ისინი", - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

მას შემდეგ, რაც უკრაინის მთავრობამ 21 ნოემბრის განკარგულებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე მოლაპარაკება შეაჩერა, უკრაინაში ანტისამთავრობო გამოსვლები არ წყდება. 

კომენტარები