თავშესაფარი მიუსაფართათვის

ომბუდსმენი: ქუთაისის თავშესაფარში ანტისანიტარიული პირობებია

ombudsman.ge

სახალხო დამცველი ქუთაისში მიუსაფართა თავშესაფარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. უჩა ნანუაშვილის ცნობით, 2014 წლის 9 იანვარს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქუთაისში მიუსაფართათვის სპეციალურად გახსნილ თავშესაფარში. ამ დროისათვის თავშესაფარში განთავსებულია 4 ბენეფიციარი. მიუსაფართათვის გაშლილია 2 კარავი.

სახალხო დამცველი ბენეფიციარებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანმა თავშესაფარი გაუსაძლისი პირობების გამო უკვე დატოვა.

"სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ თავშესაფრის დათვალიერებისას გაირკვა, რომ კარვებში განთავსებულ ბენეფიციარებს უწევთ ანტისანიტარიულ პირობებში ყოფნა, არ არიან უზრუნველყოფილნი პირველადი მოხმარების საგნებით (კოვზი, ჩანგალი, თეფში), წვიმის დროს ჩამოდის წყალი. როგორც ცნობილია, თავშესაფრის მოწყობა საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოხდა, შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს ქუთაისის მერიას, თავშესაფარში სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად მეტი ყურადღება გამოიჩინოს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 დეკემბერს შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა. დროებითი თავშესაფრები (კარვები) თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გაიხსნა.

კომენტარები