მუხროვანის ამბოხი

ბოკერია: ბრალდებები არის უსაფუძვლო და არ არის გამყარებული ფაქტებით

Giga Bokeria
Tabula

2009 წელს ადგილი ჰქონდა სამხედრო ამბოხების და არაკონსტიტუციური გზით სახელმწიფო წყობილების დამხობის, საქართველოს ძალადობის და სისხლისღვრის ჭაობში ჩაფლობის და საქართველოს 90-იან წლებში დაბრუნების მცდელობას. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის ბრალდება, რაც ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში გაისმა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ვინმეს მკვლელობის თვითმიზანი, არის სრულიად უსაფუძვლო და არ არის ფაქტებით გამყარებული.

"ამოცანა სახელმწიფოსი მაშინაც და დღესაც უნდა იყოს, არ დაუშვას ის, რაც ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ - გარეშე მტერმა ან შიგნით უპასუხისმგებლო ადამიანმა გამოიყენოს შეიარაღებული ჯარები, გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის და ამით ქვეყანა მიიყვანოს კატასტროფამდე, სისხლისღვრამდე და ბევრ გვამებამდე", - აღნიშნა ბოკერიამ. მისივე თქმით, "საბოლოო ჯამში, მთავარი ტესტი არის ის, თუ რა ქმედება განახორციელა სახელმწიფომ და რა შედეგები დადგა. შედეგი იყო ის, რომ მან აღკვეთა ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ეს მოხდა მშვიდობიანად იმ დღეს, ხოლო დაკავების ოპერაციისას დაიღუპა ერთი ადამიანი, იმიტომ რომ ამბოხებულებმა გაწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, დანარჩენ ორს კი გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ".

გიგა ბოკერიას თქმით, ზოგადად, ისეთ სიტუაციაში, როცა შეიარაღებული მეამბოხე გასწევს წინააღმდეგობას, ლეგიტიმურია მის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენოს ძალა. "თვითმიზანი არის სისხლისღვრის არდაშვება და ამ ამბოხების ჩახშობა, რა ამოცანაც საქართველომ მაშინ შეასრულა, ჩემი აზრით, იმ ვითარებაში სრულიად ადეკვატურად", - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, მისთვის გაუგებრობას არ იწვევს ის ფაქტი, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს სურდა, ფირზე ჰქონოდა აღბეჭდილი, რა ხდებოდა იმ დროს. "ჩემში გაუგებრობას იწვევს მმართველი პოლიტიკური გუნდის მცდელობები ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომ ამ ქვეყნის მტრები გამოაჩინონ გმირებად და ის ხალხი, ვინც იღებდა ზომებს, რომ არ დაეშვა ქვეყნის სისხლის ჭაობში ჩაფლობა, გამოაჩინონ დამნაშავეებად. ამისთვის კეთდება ყველაფერი, მათ შორის, ჯაშუშობაში ბრალდებული პირები და ისინი, ვინც ეს ამბოხი მოაწყო, ყოველგვარი შესწავლის გარეშე, საქმეების განსაიდუმლოების გარეშეც კი, იქნენ გამოშვებული როგორც გმირები. ეს არის მართლა პოლიტიკური დანაშაული", - აღნიშნა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, გუშინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

შეგახსენებთ, 2009 წლის 5 მაისს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა ამბოხება მოაწყო. მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაშალა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც კოორდინირებული იყო რუსეთთან" და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. ამასთან, გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი თუ როგორ იგეგმებოდა მუხროვანის ამბოხი.

ოფიციალური ინფორმაციით, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებმა - გია კრიალაშვილმა, კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა მოახერხეს და მათ პოლიცია 16 დღის განმავლობაში ეძებდა. სამინისტრომ 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდა.

2009 წლის 21 მაისს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა ღამეს, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს - ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს - 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს - შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. ისინი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა. 

კომენტარები