მუხროვანის ამბოხი

მერაბიშვილზე გავრცელებულ ვიდეომასალაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

"ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

კომენტარები