მუხროვანის ამბოხი

ხიდაშელი: ვანო იმიტომ ითხოვს გვამებს, რომ ესეთია

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

ვანო რატომ ითხოვს გვამებს, არ მაქვს ამაზე კითხვა - იმიტომ ითხოვს, რომ ესეთია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრებიც ზუსტად ასე უკვეთავდნენ რესტორნებში მაგიდებიდან ადამიანების დასჯას. 

"დიახ, ბინ ლადენის ლივკიდაცია მოხდა. ეს იმათთვის, ვინც ამას იყენებს არგუმენტად, ოღონდ ორი გვამი მჭირდება, ეს არ არის ლიკვიდაციის ბრძანება ჯერ ეს ერთი, თუნდაც ამ ხაზს რომ გავყვეთ. ორი გვამი მჭირდება, ნებისმიერი ორი გვამი მჭირდება, ეს არის ბრძანება - უბრალოდ სისხლი მჭირდება, ვიღაცა უნდა დაისაჯოს და არა ლიკვიდაციის ბრძანება, როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

შეგახსენებთ, 2009 წლის 5 მაისს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა ამბოხება მოაწყო. მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაშალა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც კოორდინირებული იყო რუსეთთან" და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. ამასთან, გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი თუ როგორ იგეგმებოდა მუხროვანის ამბოხი.

ოფიციალური ინფორმაციით, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებმა - გია კრიალაშვილმა, კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა მოახერხეს და მათ პოლიცია 16 დღის განმავლობაში ეძებდა. სამინისტრომ 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდა.

2009 წლის 21 მაისს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა ღამეს, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს - ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს - 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს - შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. ისინი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა. 

კომენტარები