მუხროვანის ამბოხი

პროკურატურა მერაბიშვილზე ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალას გამოიძიებს

მთავარი პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალას გამოიძიებს, სადაც ერთერთი სპეცოპერაციის დროს ვანო მერაბიშვილი და სხვა თანამდებობის პირები არიან ასახულნი - ამის შესახებ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ დოლიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა.

"ვიდეომასალის შესახებ ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდა. პროკურატურა აუცილებლად შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს", - ამბობს თემურ დოლიძე.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ Youtube-ზე სავარაუდოდ 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

„დავკითხოთ ვიღაცეები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია" - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

Youtube-ზე ხსენებული ვიდეო სამი საათის წინ აიტვირთა. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

კომენტარები