26 მაისის საქმე

მერაბიშვილი: ონიანი ჩემთან იმყოფებოდა და თქვა, რომ მის დაპატიმრებას აპირებდნენ

Reuters

ვანო მერაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ ადვოკატი გიორგი ონიანი რამდენიმე დღის წინ მასთან იმყოფებოდა, რა დროსაც აცნობა, რომ უახლოეს დღეებში მის დაკავებას აპირებდნენ.

"გოგა ონიანი ჩემთან პარასკევს იმყოფებოდა და თქვა, რომ აპირებდნენ მის დაპატიმრებას. ეს სერიოზულად არ აღვიქვი, რადგან ადვოკატი იცავს თავის დაცვის ქვეშ მყოფებს. მე რაც ვნახე, რომ ბინაში დააპატიმრეს და ჩაატარეს ასეთი სადამსჯელო ოპერაცია, ამით გაკვირვებული ვარ", - თქვა მერაბიშვილმა.

26 მაისის საქმის სასამართლო პროცესზე მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს. ყოფილმა პრემიერმა სასამართლოს მოუბოდიშა იმის გამო, რომ წინა პროცესზე დაკითხვის ნაცვლად, პოლიტიკური განცხადება გააკეთა და დღევანდელ პროცესზე გამოეხმაურა 26 მაისის საქმეზე მის მიმართ ბრალდებას. მერაბიშვილმა ასევე თქვა, რომ ამ საქმეში მისი ბრალეულობა არ იკვეთება, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიების პროცესშიც კი არ არიან დადგენილი პირები, რომლებმაც აქციის დაშლისას ძალას გადაამეტეს.

"თუკი გამოძიებამ ის ვერ დაადგინა, ჰქონდა თუ არა ვინმეს მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი და არ არიან გამოვლენილი ეს პირები, ჩემი ბრალეულობა, შესაბამისად, არ არსებობს. მე იმ პერიოდში ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც უნდა აღედგინა კანონიერება და საშუალება ჰქონოდა აღლუმის ჩატარებას. ამისათვის მოვითხოვე მინიმალური ძალის გამოყენება, ჩემი ბრძანების საფუძველზე არ უნდა მომხდარიყო ცრემლსადენი გაზის გაშვება, თუმცა ეს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გადაწყდა", - თქვა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინის გზა მკვეთრად შეამოკლებს საქართველოს სვლას ევროპისაკენ.

"მინდა, მივულოცო ჩემს უკრაინელ მეგობრებს გამარჯვება. უკრაინის გზა მკვეთრად შეამოკლებს საქართველოს სვლას ევროპისაკენ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

26 თებერვალს დასკვნით სიტყვას წარმოადგენს დაცვის მხარე, რის შემდეგაც 28 თებერვლამდე 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის მიმართ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი უნდა გამოიტანოს.

კომენტარები