ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება

ბესელია: ჩვენი ოპონენტები ასე ტრაგიკულად ნუ აღიქვამენ დაკითხვაზე დაბარებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ თუ კითხვები არსებობს, უნდა გაეცეს პასუხები.

"რადგანაც პროკურატურამ დაიბარა, ე.ი. არსებობს კითხვები. რადგანაც არსებობს კითხვები, ე.ი. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. ეს ჩვეულებივი საგამოძიებო პროცედურაა. ჩვენი ოპონენტები ასე ტრაგიკულად ნუ აღიქვამენ დაკითხვაზე დაბარებას", - თქვა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს.

ბოკერია მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 15:00-ზე უნდა გამოცხადდეს.

უწყებაში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა დავით თევზაძემ შეადგინა, არ არის დაკონკრეტებული, რა საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის. ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების, მათ შორის, ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დაასახელა. განცხადებაში, რომელსაც ხელს საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აწერს, აღნიშნულია, რომ ბოლო ხანებში ქვეყნის მასშტაბით გახშირდა იმ ადამიანების საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარება (დაკითხვა ან ბრალის წაყენება), რომლებიც აქტიურ პარტიულ საქმიანობას ეწევიან. მათი შეფასებით, ეს ფაქტი გავლენას ახდენს სამართლიან საარჩევნო გარემოზე.

ორგანიზაციების განცხადებით, ამ საკითხზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდებში უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე რეკომენდაცია გამოაქვეყნა და საგამოძიებო სტრუქტურებს წინასაარჩევნოდ ასეთი ქმედებებისგან, თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თავის შეკავებისკენ მოუწოდა. არასამთავრობოების აზრით, ახლაც მნიშვნელოვანია მსგავსი სტანდარტის დაწესება და შესაბამისი რეკომენდაციის გაწევა.

 

კომენტარები