ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება

ბოკერია: ცოტა უხერხულიც იყო, ასე რომ დააგვიანეს ჩემი დაკითხვაზე დაბარება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, მისთვის დაკითხვაზე დაბარება მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც პროკურატურაში შესვლამდე ბოკერიამ ჟურნალისტებს უთხრა, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს არაერთხელ საჯაროდ დააანონსა.

"ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ახლაც აგრძელებს ქვეყნის დე ფაქტო მართვას, არაერთხელ უთქვამს საჯაროდ ამის შესახებ. მკაფიოდ აქვს დაანონსებული პოლიტიკური დაკვეთა. ესეც რომ არ იყოს, დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ყველასთვის აშკარაა, რომ ხელისუფლება პროკურატურას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს. იმ ფონზე, როცა ჩემი თანაგუნდელების ძალიან დიდი ნაწილი ან ციხეშია, ბრალი აქვთ წაყენებული ან დაკითხვაზე დაატარებენ დღე და ღამე, ცოტა უხერხულიც იყო, ასე რომ დაგვიანდა ჩემი დაბარება", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება და მისი დაკვეთით მოქმედი პროკურატურა ღრმა კრიზისშია თათუხაშვილის სიკვდილის საქმესთან და ნუგზარ წიკლაურის ცემასთან დაკავშირებით.

"როგორც ჩანს, ხელსაყრელ მომენტად მიიჩნიეს ეს დღე", - თქვა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, პროკურატურა მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს მიერ გაწეული ხარჯები უსაფრთხოების პოლიტიკის და საერთაშორისო ასპარეზზე, არ იყო მიზნობრივი.

"მე კი, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი, ვთვლიდი, რომ ეს მიმართულებები -  ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არაღიარების პოლიტიკა, რუსეთთან მიმართებით არსებული და სხვა მრავალი საკითხები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას და საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, იყო ჩემი მოვალეობა და აბოლუტურად ადეკვატური. მათი გადაწყვეტილებაა, თუ არაადეკვატურად და, საერთოდ, კრიმინალურად თვლიან. ყველას გვესმის, რომ წმინდა წყლის პოლიტიკურ დაკვეთასთან გვაქვს საქმე. სწორედ ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა და არა ერთი და ორი, ჩემი ან რომელიმე სხვა პერსონის დაბარება დაკითხვაზე", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ანონსებიდან გამომდინარე, დაკავებასაც არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება. უწყების ცნობითვე, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს, საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები