ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება

ჭიაბერაშვილი: ბოკერია პროკურატურაში თათუხაშვილის საქმის გადასაფარად დაიბარეს

facebook.com

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ გიგა ბოკერია პროკურატურაში დასაკითხად შალვა თათუხაშვილის საქმის გადასაფარად დაიბარეს.

”დღეს ყველაზე აქტუალური თემა, სამწუხაროდ, არის შალვა თათუხაშვილზე განხორციელებული წამება, შანტაჟი და მუქარა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. ყველა ადამიანი, ვინც ამ თემაზე აქტიურობს, ბუნებრივად ექცევა ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის სამიზნეში. ჩვენ ვნახეთ ამის გამო დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა, მისი ცემა და გატაცების მცდელობა. გიგა ბოკერია დაიბარეს, თუმცა, არაერთხელ ჰქონდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს დაანონსებული მისი დაბარება პროკურატურაში, მაგრამ ახლა სწორედ ამ მომენტში ხდება, იმიტომ, რომ თათუხაშვილის საქმე გადაიფაროს”, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, დააკავონ გიგა ბოკერია, ჭიაბერაშვილმა უპასუხა - ”ამ ხელისუფლებისგან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, უბრალოდ, არ ვურჩევდი მორიგ უგუნურ საქციელს”.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება. უწყების ცნობითვე, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს, საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები