ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება

ძიძიგური ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებაზე: კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს

wikipedia.org

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პროკურატურის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. როგორც ძიძიგურმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გოგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარების კომენტირებისას თქვა, "პროკურატურა ჭრელი პეპელას მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ".

"თუ არის საქმები გამოსაძიებელი, კითხვები დასასმელი, გნებავთ, ბოკერია იყოს, გნებავთ, გივი თარგამაძის ძმა იყოს, პასუხი უნდა გაეცეს. ყველაფერზე უნდა გავაკეთოთ ჩვენი დასკვნა მას შემდეგ, როდესაც გამოძიება გასცემს კონკრეტულ კითხვებს პასუხს", - განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. ბოკერია მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 15:00-ზე უნდა გამოცხადდეს. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება. უწყების ცნობითვე, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები