ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება

ბოკუჩავა: ენმ-ის მიმართ პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი გამოეძიებინა, დაკითხვაზე გიგა ბოკერია დაიბარეს. მისი თქმით, გრძელდება ის პოლიტიკური რეპრესიები, "რასაც უკვე თვეების მანძილზე ვხედავთ ნაციონალური მოძრაობის მიმართ".

"ბიძინამ ივანიშვილმა ერთი წლის წინ დააანონსა, რომ მას სურდა გიგა ბოკერიას დაჭერა. ცალსახაა, რომ ეს არის პოლიტიკური შეკვეთა და არანაირი საქმეები იმ ასობით და ათასობით ჩვენი აქტივისტის წინააღმდეგ, რომლებსაც იბარებენ გამუდმებით პროკურატურასა და სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოებში, არ არსებობს", - თქვა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ხუთი დღე გავიდა, რაც ნუგზარ წიკლაურზე მოხდა თავდასხმა გატაცების მიზნით. პროკურატურამ კი, საქმე მხოლოდ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღძრა.

"საერთოდ არ იძიებენ იმას, რომ რეალურად გატაცების მცდელობა იყო ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ამას ამბობს თავად და ადასტურებენ მოწმეები - მეზობელი და ტაქსის მძღოლი. ცნობილია მანქანის ნომერიც და სერიაც, რეალურად, ცხელ კვალზე უნდა გახსნილიყო საქმე. თან, თურმე, წიკლაურის სახლთან და საერთოდ იმ შემოგარენში არცერთი კამერა არ მოიპოვება, მაშინ როდესაც აწ გარდაცვლილი თათუხაშვილის შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველა კუთხე-კუნჭულში აღმოაჩნდა პროკურატურას კამერები და, თურმე, 24 საათშიც არ იშლება კადრები, როგორც აცხადებდნენ მერაბიშვილის შემთხვევაში. ასე რომ, იმედია, პროკურატურა დააჩქარებს გამოძიებას და გახსნის ამ საქმეს, რადგან ახლა უკვე, რეალურად, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ საერთოდ არ აინტერესებთ საქმის გახსნა, რადგან თავად არიან ამ თავდასხმის ორგანიზატორები", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. ბოკერია ჩვენების მისაცემად უწყებაში 15:00-ზე გამოცხადდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება. უწყების ცნობითვე, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს, საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები