ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება

უგულავა: ბოკერიაზე დევნის დაწყება ჯერ კიდევ ივანიშვილმა დააანონსა

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგი უგულავას თქმით, გიგა ბოკერიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ჯერ კიდევ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა. უგულავამ აღნიშნა, რომ ბოკერია დღეს დაკითხვაზე აუცილებლად მივა. მისივე თქმით, ბოკერიას დაბარება პროკურატურაში არის ნაციონალურ მოძრაობაზე ტოტალური შეტევის გაგრძელება.

"პროკურატურაში დაიბარეს პარტიის საერთაშორისო მდივანი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია. ცხადია, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ მასზე სისხლისსამართლებრივი დევნა დააანონსა ჯერ კიდევ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. აქედან გამომდინარე, მისი დაბარება არ წარმოადგენს ჩვენთვის სიახლეს. პარტიის შიგნით ვხუმრობდით და თავად გიგაც ხუმრობდა, რომ უხერხულად გრძნობდა თავს, რადგან მის გარდა ყველა დაბარებული იყო", - თქვა გიგი უგულავამ.

რაც შეეხება ბოკერიას მიმართ ლობისტებისთვის თანხების გადახდასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს, უგულავა ამბობს, რომ ეს ბრალდებები არის ფანტასმაგორიული.

"დეტალურად არ ვიცნობ უშიშროების საბჭოს მუშაობას და მის სპეციფიკას. აქედან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მე შემიძლია ვიმარჩიელო იმ წამოცდენებით და იმ ენის გასწრებებით, რომელიც ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერს ახასიათებთ. საუბრობენ რაღაც ფანტასმაგორიაზე. ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ ყველა საქმე, რომელიც მათ დაიწყეს, სასამართლომდე ძალიან საეჭვოდ, საპნის ბუშტივით ქრება. ბრალდებების შემადგენლობასთან დაკავშირებით ვთვლი, რომ ეს არასერიოზულია, ლობისტების დაქირავება და მათთვის ანაზღაურების გადახდა არის აპრობირებული მეთოდი, ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, და ამით დღევანდელი მთავრობაც სარგებლობს. რომელი ლობისტი არის ეფექტური და რა ოდენობის საფასური გაიცა მათზე, ეს არ არის პროკურატურის საქმე, ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საქმეა", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

უგულავა მიიჩნევს, რომ პროკურატურა გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებით ცდილობს გადაფაროს თათუხაშვილისა და წიკლაურზე თავდასხმის საქმეები.

"მნიშვნელოვანია ის გარემოება და დრო, როდესაც ბოკერიას იბარებენ პროკურატურაში, მთავრობა და პროკურატურა მთლიანად არის აჭრილი მას შემდეგ, რაც, მაღალი ალბათობით, ოფიცერი თათუხაშვილი, სწორედ პროკურატურის ქმედებებისა და ზეწოლის შედეგად იქნა ნაპოვნი გარდაცვლილი. სიტუაცია აიჭრა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც, ასევე დიდი ალბათობით, სამართალდამცველები მონაწილეობდნენ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმაში. ასეთ ვითარებაში ბოკერიას დაბარება არის უნიჭოდ გადაფარვის მცდელობა და ამ საქმეებიდან ყურადღების გადატანა. არც გიგა და არც მე და პარტიის სხვა წევრები არ გავქცევივართ შეკითხვებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლებას მთავარი ოპოზიციური ძალის მიმართ ერთადერთი იარაღი დარჩა - პროკურატურაში დაბარება.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი არ დამთავრდება, მიუხედავად იმისა, რომ ორ თვეში ადგილობრივი არჩევნებია, მთავრობას ჩვენს წინააღმდეგ ერთადერთ არსენალად დარჩა პარტიის წევრების პროკურატურაში დაბარება. ამიტომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რადგან პარტიები სრულიად არათანაბარ პირობებში არიან, და მიმდინარეობს დისკრედიტაცია მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ, რომ მმართველმა გუნდმა მიიღოს დივიდენდები", - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში დღეს, 15:00 საათზე არის დაბარებული.

კომენტარები