ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება

პროკურატურა: ბოკერიას დაბარება თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს ეხება

მთავარი პროკურატურა გიგა ბოკერიას დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება.

”2014 წლის 04 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სახით, დაკითხვის მიზნით დაბარებულია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი (გიგა) ბოკერია.

საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს.

საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს”, - წერია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს.

ბოკერია მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 15:00-ზე უნდა გამოცხადდეს. უწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა დავით თევზაძემ შეადგინა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების, მათ შორის, ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დაასახელა. განცხადებაში, რომელსაც ხელს საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აწერს, აღნიშნულია, რომ ბოლო ხანებში ქვეყნის მასშტაბით გახშირდა იმ ადამიანების საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარება (დაკითხვა ან ბრალის წაყენება), რომლებიც აქტიურ პარტიულ საქმიანობას ეწევიან. მათი შეფასებით, ეს ფაქტი გავლენას ახდენს სამართლიან საარჩევნო გარემოზე.

ორგანიზაციების განცხადებით, ამ საკითხზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდებში უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე რეკომენდაცია გამოაქვეყნა და საგამოძიებო სტრუქტურებს წინასაარჩევნოდ ასეთი ქმედებებისგან, თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თავის შეკავებისკენ მოუწოდა. არასამთავრობოების აზრით, ახლაც მნიშვნელოვანია მსგავსი სტანდარტის დაწესება და შესაბამისი რეკომენდაციის გაწევა.

კომენტარები