ოლიგარქიული მმართველობა

თარგამაძე: ივანიშვილი ემზადება, რომ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, წავიდეს

გივი თარგამაძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ახლა გეგმავს ქვეყნიდან წასვლის კონკრეტულ თარიღს. როგორც თარგამაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, ივანიშვილი უბრალოდ ზრუნავს საკუთარ უსაფრთხოებაზე.

"მას აქვს საკმარისი პროგრესირებადი აქტივები, რომელიც აკმაყოფილებს და არ სჭირდება ზედმეტი აქაური აქტივი. ემზადება, რომ თუ ოდნავ მაინც იგრძნობს საფრთხეს, ყოველგვარი სხვა საქმეების გარეშე დაჯდეს თვითმფრინავში და წავიდეს" - თქვა თარგამაძემ და გადაცემის წამყვანის კითხვაზე დააზუსტა, რომ საფრთხე ბევრნაირი შეიძლება იყოს.

"შეიძლება იყოს გარე საფრთხე, რუსებისგან საფრთხე.. ინსტინქტის დონეზე მაინც გრძნობს, რომ რუსეთისთვის კოჭის გორება მისთვის დაცვა არ არის... არც იანუკოვიჩისთვის იყო დაცვა. მას იანუკოვიჩივით ცხოვრება არ უნდა და ურჩევნია საფრანგეთში. შეიძლება რაღაც სახალხო მღელვარება იყოს საფრთხე ან ეკონომოკური კოლაფსი. და მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად მისი მოხარშულია ეს პროცესი, მისი პასუხისმგებლობა მაინც ნული იქნება. თამაზ თამაზაშვილმა მოიარა ნახევარი მსოფლიო, ისიც თავისუფლად გაემგზავრება და ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილსაც წაიყვანს ანუ ეს სანათესაოც თავის ადგილს იპოვნებს. ფარცხალაძე გერმანიაში იყო ახლახან, რამდენადაც მე ვიცი, აგვარებს თავის თავისუფლად გადაადგილების პრობლემას ვეროპაში, რომ თუ საჭირო გახდა, წავიდეს. მამაცაშვილი სრულიად ბუნებრივად დაბრუნდება მოსკოვში, სადაც ახლაც ურჩევნია ყოფნა, უბრალოდ, არ უშვებენ. ბერა მამას გაყვება. და თუ კატასტროფა მოახდინა ამ ხალხმა, პასუხი ვის უნდა მოსთხოვონ, ჭიკაიძეს? თუ ბადაშვილს, რომელიც თვალით არავის უნახავს.ეს არის მთელი ფოკუსი. ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე ქართულ საზოგადოებას დაუდო სამი სათითე, აურია და ვერავინ ვერ იპოვნის, რომელშია პასუხისმგებლობა, რომელში ფული და რომელში -.ქვეყნის მომავალი. რუსი ოლიგარქების ფოკუსია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არათუ არაფერი არ შეგხვდებათ ამ კაცისგან, არამედ, ის ფული, რომელსაც თავად იხდიან ბიუჯეტში, გადანაწილდება მხოლოდ ივანიშვილის სანათესაოს ჯიბეებში და მერე კი, ეს ხალხი გაქრება" - განაცხადა თარგამაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გადაცემა თეორემაში ოლიგარქიული მართვის სქემაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, დღეს საქართველოშია. დეპუტატის თქმით, ერთმანეთს დაუპირისპირდა თამაზაშვილი-ღარიბაშვილი-ჯანყარაშვილის და [ბერა]ივანიშვილი-მამაცაშვილი-ფარცხალაძის ფრთა.  გივი თარგამაძის შეფასებით, შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომით შინაგან საქმეთა მინისტრის ჩანაცვლება მოხდა. როგორც მან ტაბულას ეთერში თქვა, შსს-ს სწორედ ჯანყარაშვილი განაგებდა და ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. თარგამაძე აღნიშნავს, რომ ჯანყარაშვილი იყო ფიგურა, რომელიც მოათავსეს ერთი მხრივ ჩრდილში და მეორე მხრივ, იმ ადგილზე, სადაც მთელი შს სისტემის კონტროლი შეეძლო. მისი შეფასებით, ჯანყარაშვილის თანამდებობაზე ყოფნა არ უნდოდა ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს.

კომენტარები