თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

ბოკერია: დღევანდელი ფაქტი არის ღარიბაშვილის და ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა ბოკერიას შეფასებით, ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტი არის ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პოლიტიკის პირდაპირი შედეგი.

"დღევანდელი ფაქტი, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, არის პირდაპირი შედეგი ღარიბაშვილის მთავრობის პოლიტიკის, ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკის; პოლიტიკის, რომელიც დამყარებულია ძალადობაზე, დამყარებულია სიძულვილის ქადაგებაზე და დაუსჯელობაზე. ამ კლიმატის შედეგია ეს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, ამ ცალკეულ შემთხვევაში როგორ და რა მოხდა. თუ ეს პროცესები ასე გაგრძელდება, ჩვენ მივიღებთ იმ ვითარებას, რომელიც შეეხება ყველას და არა მარტო რომელიმე ერთ პოლიტიკურ ჯგუფს", - თქვა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ. ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხეს, ხოლო ჭიაბერაშვილს დაზიანება თავის არეში მიაყენეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიორგი მგელაძე იყვნენ.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები