თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

ჯაფარიძე ჭიაბერაშვილზე თავდასხმაზე: მათი სასჯელი იქნება 100 ლარის მსგავსი

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის განუკითხაობა, კრიმინალი და პოლიცია არის დემორალიზებული.

"ეს არის შედეგი იმისა, რომ ქვეყანაში არის განუკითხაობა, არის შედეგი იმის, რომ როდესაც მოხდა პარლამენტარებზე თავდასხმა, გამოძიება არ მომხდარა. ეს არის შედეგი იმისა, რომ, როდესაც ადამიანებს ესვრიან ქუჩაში, მათზე აღძრავენ ხოლმე მსუბუქი დაზიანების მუხლით საქმეს. შემდეგ 100 ლარით უშვებენ ადამიანებს გარეთ. ეს არის შედეგი იმის, რომ ქვეყანაში არის განუკითხაობა, კრიმინალი და პოლიცია არის სრულიად დემორალიზებული. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც დააკავებენ, თუმცა, მათ მერე სასჯელიც იქნება რაღაც 100 ლარის მსგავსი", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ. ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხეს, ხოლო ჭიაბერაშვილს დაზიანება თავის არეში მიაყენეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიორგი მგელაძე იყვნენ.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები