თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

აბაშიძე: ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, ვის მიმართაც არ უნდა განხორციელდეს

timer.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია და დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ.

"ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, ვის მიმართაც არ უნდა განხორციელდეს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს ყველაფერი, რაც ხდება, ძალიან ცუდია. უნდა იყოს ყველაფერი გამოძიებული. ჩვენ ველოდებით სამართალდამცველი ორგანოების კონკრეტულ შეფასებას, კონკრეტულ ქმედებებს. დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ, იმიტომ, რომ ეს არის ბუნებრივი და ეს არის კანონი", - აღნიშნა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ. ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხეს, ხოლო ჭიაბერაშვილს დაზიანება თავის არეში მიაყენეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიორგი მგელაძე იყვნენ.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები