თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

არასამთავრობოები: სწრაფად გამოიძიეთ ჭიაბერაშვილის და წიკლაურის ინციდენტები

ნაციონალური მოძრაობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს, როგორც დღევანდელი, ასევე ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ინციდენტი და ყველა არსებული რესურსით ხელი შეუშალოს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ძალადობის სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბებას. ასევე მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, მსგავსი ფაქტების კომენტირებისას გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და ცალსახად დაგმონ ძალადობა.

”დღეს, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე „ლიტერატურულ კაფეში" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე არიან, ფიზიკური დაპირისპირების მოტივი კი მის, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული აზრის გამო ხდება ფიზიკური ანგარიშსწორება. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, აუცილებელია არჩევნებში ჩართული პირების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და დაცული იყოს.

საყურადღებოა ისიც, რომ ჯერ კიდევ გაუხსნელია 31 მარტის შემთხვევა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ წარმომადგენელს, პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურს. ამ შემთხვევაშიც დაზარალებული თავდასხმის მოტივად მის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს, როგორც დღევანდელი, ასევე 31 მარტის ინციდენტი და ყველა არსებული რესურსით ხელი შეუშალოს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ძალადობის სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბებას. ასევე მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მსგავსი ფაქტების კომენტირებისას გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და ცალსახად დაგმონ ძალადობა”, - წერია არასამთავრობოების განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ. ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხეს, ხოლო ჭიაბერაშვილს დაზიანება თავის არეში მიაყენეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიორგი მგელაძე იყვნენ.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები