საიდუმლო მიმოწერა

პროკურატურა: საიდუმლო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტი არ გაგვისაჯაროებია

მთავარი პროკურატურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის  დარღვევით,  მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საიდუმლო მიმოწერა გაასაჯაროვა. ამის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს. 

„უპირველეს ყოვლისა, წუხილი გვინდა გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი  შეცდომაში არის შეყვანილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოსდა პროკურატურამ მოახდინა საიდუმლო მიმოწერის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროება, რაც აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2009-2013 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებული იყო სხვადასხვა დოკუმენტური მასალა, რომელიც  9  მილიონამდე ლარის ხარჯს შეეხებოდა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შესაბამისად  არამიზნობრივ ხარჯს წარმოადგენს.

პროკურატურის განცხადებით, ხსენებული საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი თავის დროზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არასწორად იყო გასაიდუმლოებული.

„შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს იმის გასარკვევად, შეიცავდა თუ არა აღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად არც ერთი აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას და  გრიფი „საიდუმლო“ იყო მინიჭებული არასწორად. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეს და მასში არსებული მასალების უმეტეს ნაწილს გრიფის მიმნიჭებელმა ორგანოებმა მოხსნეს  გრიფი „საიდუმლო“, დარჩენილი იყო მცირედი მასალა, რომელზეც გრიფის მოხსნა შედიოდა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაში. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე და გადაუგზავნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაც“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია მითითებული, პროკურორმა წერილი ორჯერ, 2014 წლის 12 ივლისს და 6 აგვისტოს გააგზავნა, თუმცა (მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებით დადასტურებულია, რომ გრიფი არასწორად არის მინიჭებული), ხსენებულ დოკუმენტებს გრიფი არ მოხსნია.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე დღეს  უშუალოდ პროკურატურის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა.

„საქართველოს პროკურატურას მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტთან სამართლებრივ პოლემიკაში შესვლა, თუმცა ვფიქრობთ, რომ მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაც საკმარისია იმის ხაზგასასმელად, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოებასთან არ გვაქვს საქმე, რადგან საიდუმლო გრიფი თავის დროზე კანონის დარღვევით იყო მინიჭებული გარკვეული ინფორმაციისათვის, რომ იგი საზოგადოებისათვის დამალული ყოფილიყო“, - აცხადებენ პროკურატურაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს პროკურატურას არანაირი საიდუმლო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს წუხილი გამოვთქვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მართლმსაჯულების განსახორციელებლად აუცილებელ მნიშვნელოვან მტკიცებულებას მისივე განცხადების თანახმად დღეს  საიდუმლო გრიფი მოხსნა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები