საიდუმლო მიმოწერა

კოჟორიძე: ძაგნიძის განცხადება მთავარი საკითხიდან აქცენტის გადატანის მაგალითია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პროფესორ დიმიტრი ძაგნიძის განცხადებას "მთავარი საკითხიდან აქცენტის გადატანის მშვენიერ მაგალითად" აფასებს. ძაგნიძემ გუშინ საიდუმლო მიმოწერის შესახებ საიას თავმჯდომარის განცხადებას, რომ "პროკურატურას პრეზიდენტთან მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით სახელმწიფო ინტერესის დაზიანება არ მოუხდენია", არასწორი სამართლებრივი შეფასება უწოდა.

კახა კოჟორიძის აზრით, "ცოტა უცნაურია, ამ საქმესთან დაკავშირებით ყოფილი სახელისუფლო პარტია და საპარლამენტო მდივანი მთავარ აქცენტს რომ აკეთებენ იმაზე, თუ რა თქვა კოჟორიძემ და არა ამ საქმეში არსებულ მთავარ კითხვებზე". საიას თავმჯდომარის შეფასებით,  საქმეში მთავარია არა ის, თუ რა თქვა კოჟორიძემ, არამედ შემდეგი საკითხები.

"მართლაც დანაშაულებრივად უკანონოდ იხარჯებოდა თუ არა ქვეყნის ბიუჯეტის კუთვნილი თანხები? თუ ასეა, მაშინ ვინ იყო მხარჯველი? რამდენი დაიხარჯა და რაში? ვინ იყო ის, ვისაც ეკისრებოდა ხარჯვის კანონიერების კონტროლი და რატომ იყო ჩუმად? სამართლებრივად სწორად მოხდა თუ არა ბიუჯეტის ხარჯვის საკითხის გასაიდუმლოება? თუ გასაიდუმლოება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ სავარაუდო დანაშაულის დაფარვის სურვილი არსებობდა? და ა.შ. მოკლედ საკითხავი და საკომენტარო ბევრია, მაგრამ ბატონ დიმიტრის მაინც ჩემი კომენტარი მიუჩნევია ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად. მადლობა ამისთვის, მაგრამ რადგან ამ საკითხით დაინტერესებულია, ვთხოვდი, იქნებ ზემოაღნიშნულ კითხვებზეც ეთქვა საკუთარი მოსაზრება", - წერს კოჟორიძე facebook-ში და განმარტავს, თუ რატომ მიაჩნია, რომ მიმოწერის გასაჯაროებით პროკურატურას სახელმწიფო ინტერესისთვის ზიანი არ მიუყენებია.

"პასუხი მარტივია: სათანადო ორგანოები - პრეზიდენტი, პროკურატურა და შსს ყველა ერთად შეთანხმდა იმაზე, რომ ინფორმაცია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასაიდუმლოვდა, არ უნდა გასაიდუმლოვებულიყო, ანუ საჯარო უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია, პროკურატურა, რომელმაც პრეზიდენტს მიმართა, უკანონოდ გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე გრიფის მოხსნა ითხოვა და მერე ამის შესახებ საჯაროდ თქვა, რატომ აყენებს ზიანს სახელმწიფო ინტერესს?! თუ თავად საიდუმლოდ მიჩნეული ინფორმაციის შინაარსის გასაჯაროება არ არის ზიანის მომტანი, მაშინ ამ მიმოწერის ფაქტის საჯარო თქმა რატომ უნდა აზიანებდეს სახელმწიფო ინტერესს, ესაა ჩემთვის გაუგებარი და არც ბატონ დიმიტრის უთქვამს რაიმე ამ საკითხზე. მე პროკურატურის ქმედებაში ვერ გავიგე, თავად პროკურატურამ რატომ მიანიჭა საიდუმლო გრიფი პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს. თუ პროკურატურას მიაჩნდა, რომ ინფორმაცია შინაარსობრივად საჯარო უნდა ყოფილიყო, მაშინ ფორმალური მხარისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება რატომ ჩათვალეს საჭიროდ, გაუგებარია. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, რომ პროკურატურას არასწორად ჰქონოდა საიდუმლო გრიფი თავისი წერილებისთვის მინიჭებული, მას უნდა დაეცვა დადგენილი პროცედურა - ჯერ მოეხსნა გრიფი და მერე გაესაჯაროებინა (ამ კუთხით, პრეზიდენტი იგივეს ამბობს). ბევრჯერ დასმულ კითხვაზე, მოხსნა თუ არა პროკურატურამ გრიფი წერილებს გასაჯაროებამდე, ამ ეტაპამდე პროკურატურას პასუხი არ გაუცია. მე ვვარაუდობ, რომ არ მოუხსნია, რადგან საპირისპირო შემთხვევაში ამის შესახებ პირდაპირ იტყოდა და გაუგებრობაც დასრულდებოდა", - აცხადებს საიას თავმჯდომარე.

კოჟორიძის თქმითვე, ის, რომ პროკურატურას, მისი აზრით, სახელმწიფო ინტერესი არ დაუზიანებია, არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა არ შეიძლება არღვევდეს კანონს.

"მაგრამ ეს კანონდარღვევა, ჩემი აზრით, არ წარმოადგენს დaნაშაულს, რადგან სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "თუ პირმა გაახმაურა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არ უნდა მიკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას, მისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ამ ინფორმაციის საიდუმლოობის კანონიერების დადგენის შემდეგ და თუ მისი საიდუმლოობა უკანონოდ იქნა მიჩნეული, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება". მოცემულ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პროკურატურამ გაახმაურა საიდუმლო გრიფმინიჭებული მიმოწერა, მაგრამ სინამდვილეში საიდუმლო გრიფი ამ მიმოწერას არასწორად ჰქონდა მინიჭებული, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება, ამას ვამბობ არა მე, არამედ ამბობს კანონი", - აცხადებს საიას ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, დიმიტრი ძაგნიძემ სწორად აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილად რომ ჩაითვალოს, სახელმწიფო ინტერესისთვის ზიანის მიყენება აუცილებელი მოთხოვნა არ არის.

"მაგრამ აქედან რატომ გამომდინარეობს დასკვნა, რომ მე არასწორი კომენტარი გავაკეთე (როცა ვთქვი, რომ პროკურატურას სახელმწიფო ინტერესი არ დაუზიანებია), ესაა გაუგებარი. როგორც ირკვევა, ბატონი დიმიტრი თვლის, რომ პროკურატურის ქმედება 320-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა დაკვალიფიცირდეს, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ბატონი დიმიტრიც მიიჩნევს, რომ პროკურატურას სახელმწიფო ინტერესი არ დაუზიანებია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბატონი დიმიტრი იტყოდა, რომ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 313-ე ან 320-ე მუხლის მეორე ნაწილით (სწორედ ეს ნორმები მიუთითებენ სახელმწიფო ინტერესზე, როგორც დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტზე). ლოგიკურად მივდივართ იქამდე, რომ სავარაუდოდ მე და ბატონი დიმიტრი ერთ აზრზე უნდა ვიყოთ, რომ პროკურატურას სახელმწიფო ინტერესი არ დაუზიანებია. და თუ ეს ასეა, ჩემს ვითომ "უსწორო კომენტარზე" საგანგებო განცხადების გაკეთება რა საჭირო იყო?! ბატონი დიმიტრის განცხადება მთავარი საკითხიდან აქცენტის გადატანის მშვენიერი მაგალითია", - აღნიშნავს კოჟორიძე.

კომენტარები