საიდუმლო მიმოწერა

მარგველაშვილი პრემიერს: პრეზიდენტს ვერავინ ეტყვის, ხუთი წუთი იფიქროს თუ მეტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებაზე, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა მარგველაშვილს ერთი თვე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტაციაზე "საიდუმლო" გრიფის მოსახსნელად, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.

"საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის კანონით დაგეგმილ ვადაში ხუთი წუთი იფიქროს თუ მეტი, იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის. იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს, რომ დააჩქარო ეს გადაწყვეტილება. 9 წლის განმავლობაში მე სწორედ ეს არ მომწონდა წინა ხელისუფლების, რომ მათ არ იცოდნენ სად მთავრდება კანონი, სად იწყება ვალდებულებები და სად მთავრდება ხელისუფლებების გამიჯვნა. ასე რომ, საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტა ეს საკითხი, როცა მიიჩნია სწორად და ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკური საკითხი. იმედია, დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღეს, 15 აგვისტოს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პრემიერმა ჟურნალისტებს ურჩია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართონ კითხვით, თუ რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფის მოხსნის პროცედურას.

"თითოეული მოქალაქისთვის ცნობილი იყო, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. ამაზე საუბარი იყო წლების განმავლობაში და არ არსებობდა მტკიცებულებები. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა პროკურატურას გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა", - თქვა პრემიერმა.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ "პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“. საქართველოს პროკურატურის განცხადებით კი, უწყებას საიდუმლო ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. მათი ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ წინა ხელისუფლების დროს გაწეულ ხარჯებს, რომელთა ნაწილის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ საზოგადოებას უშიშროების საბჭოს მდივანმა და მაშინდელმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა მიაწოდა. პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეს გრიფი "საიდუმლო" კონტრდაზვერვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე მოეხსნა, რომლის თანახმად, საქმეს გრიფი არასწორად ჰქონდა დადებული. პროკურატურის განცხადებით, გრიფი „საიდუმლო“ მხოლოდ საქმის მცირე ნაწილზე რჩება და მისი მოხსნის თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს. 

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ წინა ხელისუფლების დროს გაწეულ ხარჯებზე ბრალი წარუდგინეს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას.

კომენტარები