საიდუმლო მიმოწერა

ვოლსკი საიდუმლო მიმოწერაზე: ხმაური უფრო მაღალია, ვიდრე თვითონ თემა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პროკურატურის მიერ საიდუმლო მიმოწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, "მე მგონი, არაფერი ისეთი არ არის. ხმაური უფრო მაღალია, ვიდრე თვითონ თემა". ვოლსკის თქმით, "წერილი არ არის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი". როგორც დეპუტატი აღნიშნავს, "ასე რომ, თუ მოხდა კიდეც რაღაც ტექნიკური შემთხვევა, არაფერს წარმოადგენს ისეთს, რაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესებს აზიანებდეს".

ცნობისთვის, 8 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ "პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“. საქართველოს პროკურატურის განცხადებით კი, უწყებას საიდუმლო ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ წინა ხელისუფლების დროს გაწეულ ხარჯებს, რომელთა ნაწილის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინათ საზოგადოებას უშიშროების საბჭოს მდივანმა და მაშინდელმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა მიაწოდა. პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეს გრიფი "საიდუმლო" კონტრდაზვერვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე მოეხსნა, რომლის თანახმად, საქმეს გრიფი არასწორად ჰქონდა დადებული. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე გრიფი „საიდუმლო“ მხოლოდ საქმის მცირე ნაწილზე რჩება და მისი მოხსნის თხოვნით პროკურატურამ პრეზიდენტს უკვე მიმართა. 

კომენტარები