საიდუმლო მიმოწერა

პრემიერი: ჰკითხეთ მარგველაშვილს, რატომ დასჭირდა 1 თვე გრიფი საიდუმლოს მოხსნას

"ჩემთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ერთი თვე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტაციაზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას, ვინაიდან ეს არის ძალიან მარტივი პროცედურა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პრემიერმა ჟურნალისტებს ურჩია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართონ კითხვით, თუ რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფის მოხსნის პროცედურას.

"თითოეული მოქალაქისთვის ცნობილი იყო, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. ამაზე საუბარი იყო წლების განმავლობაში და არ არსებობდა მტკიცებულებები. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა პროკურატურას გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა“, - თქვა პრემიერმა.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ "პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“. საქართველოს პროკურატურის განცხადებით კი, უწყებას საიდუმლო ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. მათი ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ წინა ხელისუფლების დროს გაწეულ ხარჯებს, რომელთა ნაწილის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ საზოგადოებას უშიშროების საბჭოს მდივანმა და მაშინდელმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა მიაწოდა. პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეს გრიფი "საიდუმლო" კონტრდაზვერვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე მოეხსნა, რომლის თანახმად, საქმეს გრიფი არასწორად ჰქონდა დადებული. პროკურატურის განცხადებით, გრიფი „საიდუმლო“ მხოლოდ საქმის მცირე ნაწილზე რჩება და მისი მოხსნის თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს. 

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ წინა ხელისუფლების დროს გაწეულ ხარჯებზე ბრალი წარუდგინეს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას.

კომენტარები