საიდუმლო მიმოწერა

შსს: პრეზიდენტის განცხადება უსაფუძვლოა და სინამდვილეს არ შეესაბამება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტს პასუხობს, რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პროკურატურას შორის საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების გამო შეშფოთება გამოთქვა. გიორგი მარგველაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა და მოუწოდა, რომ როგორც პრესასა და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურე ორგანოს, პროკურატურასთან მიმართებით კანონით ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა. 

 შსს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე მთავარი პროკურატურის მხრიდან გამჟღავნებული ინფორმაცია საიდუმლოების შემცველი არ არის, რის გამოც საკითხში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. 

"საქართველოს პრეზიდენტის განცხადების ანალიზიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მითითება იმაზე, რომ პროკურატურის მხრიდან მოხდა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება არ შეესაბამება სინამდვილეს და არის უსაფუძვლო შემდეგ გარემოებათა გამო: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მეთვალყურეობას პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული მონაცემები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ ინფორმაციას, რაც დოკუმენტის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნით. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას პროკურატურის მხრიდან საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღანების შედეგებზე შსს-ს რეაგირებას, გვინდა განვმარტოთ, რომ ხსენებული საკითხი არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ხოლო ფაქტზე რეაგირება არ შედის შსს-ს კომპეტენციაში", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას წუხელვე უპასუხა მთავარმა პროკურატურამ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი, რადგან მათ არანაირი საიდუმლო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტი არ გაუსაჯაროებიათ.

"საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით გვსურს გავაკეთოთ მცირე განმარტება. უპირველეს ყოვლისა, წუხილი გვინდა გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაში არის შეყვანილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოსდა პროკურატურამ მოახდინა საიდუმლო მიმოწერის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროება, რაც აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს", - განმარტებულია პროკურატურის განცხადებაში. 

 

კომენტარები