ანტიტერორისტული კოალიცია

ობამა მსოფლიოს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს

გაერო-ში თავის გამოსვლაში ბარაკ ობამამ ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლაზე ისაუბრა. მან მსოფლიოს ქვეყნებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"ძალადობისა და ექსტრემიზმის კიბომ, რომელმაც მუსლიმური სამყაროს ნაწილი გააჩანაგა, შესაძლოა საფრთხე უკვე მიღწეულ პროგრესს შეუქმნას. ერთადერთი ენა, რაც ამ მკვლელებს ესმით, ძალაა. შეერთებული შტატები ფართო კოალიციასთან ერთად იმუშავებს ამ სიკვდილის ქსელის გასანადგურებლად. ამ საქმეში ჩვენ მარტო არ ვიმოქმედებთ. ამავე დროს, არ ვაპირებთ ამერიკული ჯარები სხვა ქვეყნების დასაკავებლად გავგზავნოთ. დღეს მინდა გთხოვოთ, რომ მსოფლიო ამ ძალისხმევას შეუერთდეს. მათ, ვინც კვლავ იბრძვის სიძულვილის მხარეს, უნდა დაინახონ, რომ მარტო რჩებიან", - განაცხადა ობამამ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ალჟირში გაიტაცეს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, პარიზი შანტაჟს არ წამოეგება და ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილეობას გააგრძელებს.

"ეს დაჯგუფება ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, უმცირესობებს, ისინი აუპატიურებენ, კლავენ - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ტერორიზმს ყოველგვარი საზღვრების გარეშე უნდა ებრძოლოს.  საფრანგეთი არასოდეს წამოეგება შანტაჟს, ზეწოლას, ასეთ ბარბაროსულ აქტებს. საფრანგეთი თავის როლს კარგად აცნობიერებს და მასზე უარს არასდროს იტყვის", - თქვა ოლანდმა.

კომენტარები