ანტიტერორისტული კოალიცია

აშშ და რუსეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლებენ

ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ითანამშრომლებენ იმ საკითხების გარშემო, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს, მათ შორის, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პარიზში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამავე დროს, ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის ძალებმა უკრაინა უნდა დატოვონ.

"დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრ ლავროვს შევთავაზე აქტიური თანამშრომლობა დაზვერვის სამსახურებს შორის ისლამურ სახელმწოფოსა და რეგიონში ტერორიზმთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გარშემო. ჩვენ ამაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. მე ვთქვი, რომ უკრაინაში კანონიერ არჩევნებად მხოლოდ უმაღლესი რადას 26 ოქტომბრის და 7 ნოემბრის ადგილობრივი არჩევნები ჩაითვლება. ჩვენი აზრით, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შედეგების რაიმე გზით მხარდაჭერა მინსკის შეთანხმების დარღვევაა და ამ შედეგებს არც უკრაინა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს. ვისაუბრეთ არსებული ვითარების შესახებ. ჯარების გაყვანა მიმდინარეობს, მძიმე შეიარაღება ფრონტის ხაზიდან უნდა გავიდეს. ამავე დროს, საზღვრის კონტროლი ჯერჯერობით სათანადოდ არ ხორციელდება", - განაცხადა კერიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, "არის საკითხები, რომელთა თაობაზე ჩვენი აზრები იყოფა და ისინი კარგად არის ცნობილი, ჩვენ დავადასტურეთ, რომ ეს უთანხმოებები რჩება. მაგრამ მე და ბატონი კერი მეომარი მხარეები არ ვართ. როგორც უკვე ვთქვი, უკრაინაში კრიზისის მოგვარება მხოლოდ კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მოლაპარაკებით არის შესაძლებელი".

კომენტარები