სვეტიცხოვლობა

მართლმადიდებლები დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ

მართლმადიდებლები დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ. სვეტიცხოველში საღვთო მსახურება კათალიკოს პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ ქადაგებაში განაცხადა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტება. პატრიარქმა, დღესასწაულთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირიც დააჯილდოვა.

სვეტიცხოველში იმყოფებოდნენ მთავრობის წევრებიც. მათ მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაული მიულოცეს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვის ტექსტი პრემიერის პრესსამსახურმაც გაავრცელა.

"სვეტიცხოველი თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი რწმენის სიძლიერის, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის უწყვეტობის ერთგვარი სიმბოლოა. ჩვენ მართლაც ბედნიერი ერი ვართ, რომ სწორედ ასეთი ძეგლები შემოგვინახა ჩვენმა დიდმა წინაპარმა თაობამ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღეს და გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას",- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი, ოსიაურის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და სვეტიცხოვლობის დღესასწაული კურსანტებს მიულოცა. 

“მინდა ყველას მივულოცო სვეტიცხოვლობა, გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება. დღეს ჩვენ ოსიაურის საწვრთნელ ცენტრს ვესტუმრეთ და ეს დღე ახალწვეულებთან ერთად ვიზეიმეთ. ბაზა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ახალწვეულები კი, რომლებიც სულ რაღაც ერთი კვირაა დაიწყეს სამხედრო სამსახური, არიან მხნედ. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ მომავალს”, - აღნიშნა ქვეყნის უმაღლესმა მთავრსარდალმა.

კომენტარები