სტიქია აჭარაში

აჭარისა და გურიის 3500 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობაა. ხულოში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია. თოვლმა და ქარბუქმა პრობლემები გოდერძის უღელტეხილზეც შექმნა, სადაც მანქანების გადაადგილება ამ დრომდე აკრძალულია. ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზა კი გვირაბთან ჩამოწოლილი მეწყრისგან გვიან ღამით გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა. მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში მძღოლები შემოვლითი გზით სარგებლობდნენ.

დიდთოვლობის გამო ზემო აჭარის, ასევე ქობულეთის და გურიის 3 500 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დენის გათიშვა წყალდიდობის გამო ოზურგეთში არსებული ერთ-ერთი ქვესადგურის დაზიანებამ გამოიწვია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე აჭარის მაღალმთიანეთის ენერგოსისტემაში შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს. დღევანდელ ბრიფინგზე მან ენერგო პრო ჯორჯიასა და ადგილობრივი ხელისუფლების მესვეურებს შესაბამისი ზომების ოპერატიულად გატარებისაკენ მოუწოდა.

"ჯერ კიდევ ზაფხულში, 19 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განვიხილეთ შუახევის მუნიციპალიტეტის დღვანის თემის სოფელ ლომანაურის მცხოვრებთა კოლექტიური წერილი, რომელშიც მოსახლეობა სოფლისათვის ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების ზამთრის დადგომამდე აღმოფხვრას მოითხოვდა. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ მათთან „არ განხორციელებულა გამრიცხველიანება, არ შეცვლილა ავარიული ელექტროგადამცემი ბოძები, რომ მწყობრიდან იყო გამოსული და არ მუშაობდა საჰაერო გამთიშველები", - განაცხადა ჯემალ ფუტაკარძემ და აღნიშნა, რომ კანონმდებლებმა პრობლემის მოგვარებისა და დროული რეაგირების მიზნით, შესაბამისი წერილით იმავე დღეს მიმართეს ენერგო პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსს.

"კომპანიიდან უმაღლეს საბჭოში პასუხი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, 5 სექტემბერს მოვიდა და მასში ნათქვამი იყო, რომ „კომპანიაში მიმდინარეობდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლა" და რომ ამ პროცესის დასრულების შემდგომ, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმოკლეს ვადაში ეცნობებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ არავინ შემოგვხმიანებია", - აღნიშნა ფუტკარაძემ და დასძინა, რომ ამინდის ცვალებადობა სახეზეა და შედეგმაც არ დააყოვნა.

"მაღალმთიანეთში პირველი თოვლი მოვიდა და, როგორც ირკვევა, სოფლებში არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა, უფრო მეტიც, მათი ნაწილი კვლავ ენერგომომარაგების გარეშეა დარჩენილი. წინ მკაცრი ზამთარია, გვახსოვს წინა წლის მწარე გამოცდილება - რეზინის ჩექმებსა და თბილ მოსასხამებში ხელისუფლებისა თუ ენერგოკომპანიის ხელმძღვანელი პირების მწუხარე სახით დადებული დაპირებები, რომ ყველაფერს იღონებდნენ პრობლემების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ამინდი უარესდება, მდგომარეობა კი ისევ უცვლელია. დღეისათვის მაღალმთიანეთის ზოგ სოფელში თოვლი ნახევარ მეტრს აღწევს და ასეთ დროს, დღვანი-კვიახიძეების დამაკავშირებელ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანებულია ბოძები, რის გამოც ენერგიის მიწოდების აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მივმართავ არა მარტო შუახევის, არამედ მაღალმთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ენერგოკომპანიასთან ერთად დაუყოვნებლივ მიიღონ გადამჭრელი ზომები პრობლემების აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის სამართლიან რისხვას დავიმსახურებთ", - აცხადებს ჯემალ ფუტკარაძე.

სინოპტიკოსები დაბალ ტემპერატურას უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით პროგნოზირებენ. 

კომენტარები