თბილისის ბიუჯეტი 2015

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი დაახლოებით 800 მლნ ლარით განისაზღვრა

Wikipedia

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ნარმანიას თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი ლარით განისაზღვრება. მისი განმარტებით, პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გამწვანება, ბაღების მშენებლობა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სოციალური პროექტები 2015 წელს დაფინანსდება 168 542 800 ლარით, ხოლო ჯანდაცვის ღონისძიებები - 34 450 000 ლარით. მათივე ცნობით, 2015 წლის ძირითადი პროექტებია: პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა; ბარათაშვილის, ზაჰესისა და სხვა ხიდების რეაბილიტაცია; 240 ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა.

"5 200 000 ლარით გაიზრდება ავარიული შენობების გამაგრება და ჯამში 18 500 000 ლარს შეადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისთვის დაიხარჯება 60 120 000 ლარი. მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობისთვის 3 500 000 ლარი დაიხარჯება. 32 მილიონი ლარით გაიზრდება რაიონული გამგეობების ბიუჯეტი, რომლითაც ინფრასტრუქტურული და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსდება", - ნათქვამია თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში და აღნიშნულია, რომ "2 500 000 ლარი დაიხარჯება ინოვაციური მუნიციპალური პროექტების განხორციელებაზე. მათ შორის: დაპროექტდება სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს გზა; დაიწყება პროექტი „QR კოდები - თბილისი", რის ფარგლებშიც, თბილისის მასშტაბით QR კოდებით აღიჭურვება 300 ერთეული ისტორიული ძეგლი და არქიტექტურული ნაგებობა". ასევე, დაიწყება პროექტი თბილისის მწვანე ქუჩა, რაც მიზნად ისახავს თბილისის ერთ-ერთი ქუჩის შერჩევას და მის განსაკუთრებულ „მწვანე" სტატუსით პროექტირებას. კერძოდ, სპეციალურად შერჩეული ხეების დარგვას; მიმდებარე ინფრასტრუქტურის „გამწვანებას" (ფასადები, ტროტუარები, მზის ბატარეებზე გარე განათება და სხვა); ქუჩის საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვას ჰაერის დაბინძურების გაზომვის მიზნით.

"განსხვავებით წინა წლებისგან, 2015 წლის ბიუჯეტი იქნება უფრო მეტად გამჭვირვალე, მთელი რიგი პროექტებისთვის იარსებებს შეფასების ინდიკატორები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაანალიზოთ პროგრამის შედეგები შესრულების ყველა ეტაპზე", - აცხადებს თბილისის მერია.

კომენტარები