თბილისის ბიუჯეტი 2015

ენმ: ბიუჯეტის მიზანი თბილისის მთავრობის კორუფციული მადის დაკმაყოფილებაა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის ხარვეზებზე საუბრობენ. მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის მთავარი მიზანი თბილისის ახალი მთავრობის კორუფციული მადის დაკმაყოფილება, მათ ნათესავებზე ზრუნვა და სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებაა. საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, თბილისელებს მხოლოდ დავით ნარმიანასა და ქართული ოცნების ტელევიზიით ნათქვამი ტყუილებით დაკმაყოფილება მოუწევთ.

"ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ვცადეთ თბილისელებისათვის გვეჩვენებინა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის ხარვეზები: შემცირებული კომუნალური ვაუჩერი; პედაგოგების (მათ შორის, საბავშვო ბაღის), პენსიონერების, სოც. დაუცველებისა და სტუდენტების ნაცვლად, ე.წ. პოლიტპატიმრებისთვის მინიჭებული უფასო მგზავრობის უფლება; უარგუმენტო დუმილი თბილისელი პენსიონერებისთვის 10 ლარიან საპენსიო დანამატზე 2015 წლის იანვრიდან; უარგუმენტო დუმილი საბავშვო ბაღის ვაუჩერის მიცემაზე იმ ოჯახებისთვის, რომელთა ბავშვიც მუნიციპალური საბავშვო ბაღის მიღმა დარჩება; ფაქტიურად შეწყვეტილი ავარიული შენობების გამაგრების პროცესი (მომავალ წელს მაქსიმუმ 6 კორპუსი თუ გამაგრდება); მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის განახევრებული დაფინანსება, რაც ქალაქში ეკონომიკის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის ხელისშეწყობაზე უარის თქმას ნიშნავს და ა.შ.

ჩვენი დასაბუთებული პრეტენზიების პასუხად, ვისმენთ ბატონი დავით ნარმანიას და "ქართული ოცნების" განცხადებებს, რომ ყველაფერი კარგადაა, გაუმჯობესებულია და ჩვენ, როგორც მათი მთავარი პოლიტიკური ოპონენტები, სიტუაციას არაობიექტურად წარმოვაჩენთ.

გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ კონკრეტული ფაქტები, თუ რაზე ზრუნვა წარმოადგენს დავით ნარმანიას მთავრობის პრიორიტეტს 2015 წლისთვის და რამდენად შეიძლება მათი სიტყვების დაჯერება. მაგალითად, 11 ნოემბერს (საკრებულოში ბიუჯეტის შემოტანამდე 3 დღით ადრე) დავით ნარმანიამ გააკეთა განცხადება, რომელიც გაიმეორა 18 ნოემბერსაც კი (როდესაც უკვე ბიუჯეტი შემოტანილი იყო საკრებულოში), რომ „მომავალი წლის გაზაფხულზე 200 000-დან 250 000-მდე ნერგის შესყიდვა და დარგვა გვაქვს დაგეგმილი - ბიუჯეტის მიხედვით კი მხოლოდ 36 000 ხის დარგვაა დაგეგმილი". დასკვნა მარტივია, დავით ნარმანია ცდილობს, ტყუილი განცხადებებით თბილისელებს შეუქმნას მათთვის სასიკეთო საქმის კეთების ილუზია, მაშინ როდესაც ოფიციალური დოკუმენტებით რადიკალურად განსხვავებული მიზნების მიღწევას ცდილობს. კერძოდ, კორუფცია, ნეპოტიზმი და ჩინოვნიკების კომფორტზე განსაკუთრებული ზრუნვა.
სამგორის გამგეობის მაგალითზე წარმოგიდგენთ "ქართული ოცნების" ერთ-ერთ კორუფციულ სქემას:

სამგორის რაიონმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში ჩაწერა 43 მისამართი, სადაც მათ მიერ უნდა მოხდეს გზების რეაბილიტაცია-დაგება. ჩვენი შერჩევითი პრინციპით გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 39 კორპუსის მიმდებარე გზები (დაახლოებით 21 000 კვ.მ) უკვე კაპიტალურადაა ჩვენს მიერ შეკეთებული და მომავალ წელს კაპიტალურ რემონტს აღარ საჭიროებს. ეს მისამართებია:

ლილოს დასახლება მე–2 მ/რ, კორპ.8; ლილოს დასახლება, მე–2 კვ, კორპ.2; ლილოს დასახლება, მე–2 კვ, კორპ. 1ა; ლილოს დასახლება, მე–2 კვ, კორპ.4; ლილოს დასახლება, მე–2 კვ, კორპ. 3; ლილოს დასახლება, კამოს ქუჩა; ვარკეთილი, ზემო პლატო, კორპ. 20; ვარკეთილი, ზემო პლატო, კორპ. 19; ვარკეთილი, ზემო პლატო, კორპ. 66; ვარკეთილი, ზემო პლატო, კორპ. 35; ვარკეთილი, ზემო პლატო, კორპ. 46; ვარკეთილი, ზემო პლატო, კორპ. 2; ვარკეთილი, ზემო პლატო, კორპ. 45; ვარკეთილი, ზემო პლატო, კორპ. 29; კალოუბნის ქუჩა 14; ვარკეთილი, მე–4 მ/რ, მე–2 რიგი, კორპ. 1; ვარკეთილი, მე–4 მ/რ, მე–2 რიგი, კორპ. 15; ვარკეთილი, მე–4 მ/რ, მე–2 რიგი, კორპ. 14; ვარკეთილი, მე–4 მ/რ, მე–2 რიგი, კორპ.13; ვარკეთილი, მე–4 მ/რ, მე–2 რიგი, კორპ. 9; ვარკეთილი, მე–4 მ/რ, მე–2 რიგი, კორპ. 8; ვარკეთილი, მე–4 მ/რ, მე–2 რიგი, კორპ. 7; მოსკოვის გამზირი, კორპ. 18/1; მოსკოვის გამზირი, კორპ. 18/2; მოსკოვის გამზირი, კორპ. 40; მოსკოვის გამზირი, კორპ. 42; მოსკოვის გამზირი, კორპ. 44; აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ.17; აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ. 19; აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ. 19ა; აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ. 19ბ; აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ. 21ბ; აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ. 21ა; აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ. 21; აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ. 23; აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ. 25; აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ. 27; ქიზიყის ქუჩა, კორპ. 7ა; ქიზიყის ქუჩა, კორპ. 7.

უკვე კაპიტალურად გაკეთებული გზების "რეაბილიტაციაზე" ბიუჯეტში თანხის გამოყოფა ნათლად მიანიშნებს, რომ ეს თანხა მთლიანად მითვისებული იქნება კორუფციული გზით. კერძოდ, თითქოს ამ გზების შეკეთების მიზნით გაფორმდება ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელსაც რეალურად არ მოუწევს რაიმე სამუშაოების შესრულება და საბიუჯეტო თანხები მთლიანად დაილექება ჩინოვნიკების ჯიბეებში. მითითებული სქემით მხოლოდ სამგორის გამგეობაში გზების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი დაახლოებით 840 000 ლარის მითვისება იქნება შესაძლებელი.
ამ ყველაფრის დამალვისა და შენიღბვის მიზნით კი თბილისის მერია უარს ამბობს უკვე დამკვიდრებულ პროცესზე, საკრებულოში დეტალურად მოხდეს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გავლა და შეთანხმება მის განხორციელებამდე. ეს გარდა იმისა, რომ საკრებულოს ინსტიტუციური დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯია, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ოპოზიციის ჩამოშორებას მერიაში მიმდინარე პროცესების კონტროლისა და ზედამხედველობისგან.

გრძელდება საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების დასაქმებაზე ზრუნვაც (ასეთი არაერთი ფაქტი გახდა ცნობილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითაც). საზოგადოებას გვინდა შეავახსენოთ, რომ კიდევ არ დამთავრებულა მერიიდან პროფესიონალი კადრების გაყრის პროცესი (რასაც ადასტურებს უკვე სახალხო დამცველის დასკვნაც), რომლის მიზანიც სამთავრობო გუნდის ნათესავებისა და მეგობრების დასაქმებაა. იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო ლოზუნგი მერიაში არსებული გაბერილი რაოდენობის შტატები იყო, საზოგადოების დაცინვაა 2015 წელს თბილისის მერიის სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობის კიდევ 71 ერთეულით გაზრდა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ყველა ახლო ნათესავისა და მეგობრის უზრუნველყოფა სამუშაო ადგილით, სხვა ახსნა შტატების გაზრდას ნამდვილად შეუძლებელია მოუძებნო.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ "სიახლეს" ბიუჯეტში, რაც სულხან-საბა ორბელიანისა და პ. ინგოროყვას ქუჩებზე არსებული შენობებისთვის ფასადების შელამაზებაა, რაზედაც 8 050 000 ლარი დაიხრჯება და ეს წყალში გადაყრილი ფულია თუნდაც იმიტომ, რომ ამ შენობების დიდი ნაწილი მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. თუ რატომ კეთდება ეს, პასუხი ნათელია - სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტისა და შენობის მხატვრული მინათებისთვის თბილისის 2014 წლის სეკვესტრირებული ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარის დახარჯვის შემდეგ, გრძელდება პრემიერისა და ჩინოვნიკების მაამებლური პოლიტიკა და კანცელარიისკენ მიმავალი გზების ფასადური შელამაზება. "ქართულ ოცნებას" ეს შენობები საკუთარი მინისტრების მანქანებიდან დანახული ფასადები გონია და ავიწყდება, რომ ამ შენობებში მაცხოვრებელ ადამიანებს რეალურად მათი გამაგრება სჭირდება. განსაკუთრებით დასანანია ასეთი მიდგომა, როდესაც მთელ ქალაქში ავარიული შენობების გამაგრებაზე დავით ნარმანიამ მხოლოდ 7 550 000 ლარი გამოყო (ანუ ორ ე.წ. სამთავრობო ქუჩაზე რამდენიმე შენობის ფასადის გალამაზებაზე გამოყოფილია 500 000 ლარით მეტი, ვიდრე მთელ ქალაქში არსებული ავარიული შენობების გამაგრებისთვის).

როგორც ჩანს, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის მთავარი მიზანი თბილისის ახალი მთავრობის კორუფციული მადის დაკმაყოფილება, მათ ნათესავებზე ზრუნვა და სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებაა. ხოლო თბილისელებს, მხოლოდ დავით ნარმიანასა და "ქართული ოცნების" ტელევიზიით ნათქვამი "ტყუილებით" დაკმაყოფილება მოუწევთ", - წერია განცხადებაში.

კომენტარები