ნდობის ჯგუფი

ნდობის ჯგუფი მომდევნო შეხვედრას ორ კვირაში გამართავს

ირაკლი სესიაშვილი
facebook.com/irakli.sesiashvili

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ ამოღებული მასალების განხილვის მიზნით ორ კვირაში ისევ შეიკრიბება. როგორც ნდობის ჯგუფის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა თქვა, მასალები ძალიან მოცულობითია და შეხვედრაზე მხოლოდ გარკვეული ნაწილი შეისწავლეს.

"ზღვა მასალა იყო. ამ მასალებიდან გარკვეული ნაწილი შევისწავლეთ. შევთანხმდით, რომ სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ კვლავ შევიკრიბებით და გავაგრძელებთ მუშაობას. თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით, მოგვიანებით შეგატყობინებთ", - აღნიშნა სესიაშვილმა. 

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას თქმით კი, ნდობის ჯგუფის წევრებს წარდგენილ მასალებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა ჰქონდათ. 

პარლამენტის ნდობის ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური ანგარიშების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს. გარდა ამისა, განხილვის თემა იყო თავდაცვის სამინისტროსა და "სილქნეტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები. 

კომენტარები