ნდობის ჯგუფი

ნდობის ჯგუფი პრემიერს შესყიდვების საქმის ნაწილზე გრიფის მოხსნას სთხოვს

radiotavisupleba.ge

ნდობის ჯგუფი აპირებს, მიმართოს პრემიერმინისტრს, რათა ძალოვანი უწყებების მიერ განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვათა საქმის ნაწილს საიდუმლო გრიფი მოეხსნას. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროში 2011-2012 წლებში  განხორციელებულ შესყიდვებსა და ასევე 2011-2012 და 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე. ნდობის ჯგუფის წევრების ნაწილს მიაჩნია, რომ შესყიდვები დარღვევებით განხორციელდა, ნაწილს კი შეკითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, საჭირო იყო თუ არა ამ შესყიდვებზე გრიფის დადება.

"ნდობის ჯგუფის შესახებ, კანონის მიხედვით, ჩვენ გვაქვს ორი უფლებამოსილება. ერთი, ის, რომ თუკი საჭიროდ ჩავთვლით, შეგვიძლია მასალები გადავცეთ პროკურატურას შემდგომი გამოძიებისთვის ან მივმართოთ პრემიერს - გარკვეული დოკუმენტაციის განსაიდუმლოების მოთხოვნით. ჩვენ ჩავთვალეთ და მივიჩნიეთ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, კანონის გვერდის ავლით საიდუმლო შესყიდვები განხორციელდა. შესაბამისად, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, გრიფის მოხსნის მოთხოვნით მივმართავთ პრემიერს. ეს საქმეები შეეხება როგორც თავდაცვის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საიდუმლო შესყიდვებს 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები