თავდაცვის სამინისტროს განცხადება

დოლიძე: განცხადება თავდაცვის სამინისტროს ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ იყო

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადების გამოქვეყნება, უწყების ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ ყოფილა. მისივე თქმით, ამ ეჭვს აძლიერებს ის, რომ მინისტრი მინდია ჯანელიძე არ გამოჩენილა და არაფერი განუმარტავს.

"თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს. მაგრამ მე რატომღაც მაქვს ეჭვი, რომ ეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ იყო. მით უმეტეს, რომ მინისტრი ბოლო დღეებია, არც გამოჩენილა კომენტარი არ გაუკეთებია. ის, რაც მოხდა, იყო ძალიან ცუდი, ძალიან უმსგავსო და ამას გამოსწორება სჭირდება",- თქვა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისში, პარლამენტის ძველ შენობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანს ელოდებიან. სხვა საკითხების გარდა, მას თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნულ განცხადებაზეც ჰკითხავენ. საკომიტეტო განხილვაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იქნებიან.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა და მას ტექნიკური შეცდომა უწოდა.

კომენტარები