საშობაო ეპისტოლე 2015

ხადური: უნდა შეიზღუდოს აბორტი და მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში იყოს დაშვებული

financial.ge

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, აბორტი მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს და მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში უნდა იყოს დაშვებული. მისივე განმარტებით, მთავრობამ პარლამენტს შესთავაზა, რომ აბორტის მოსამზადებელი დრო 3-დან 5 დღემდე გაიზარდოს.

"მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს აბორტი და მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში იყოს დაშვებული. თქვენ იცით, რომ არსებობს კადრები ამის... მთავრობამ პარლამენტს შესთავაზა, რომ აბორტისთვის მოსამზადებელი ვადა სამიდან ხუთ დღემდე გაიზარდოს, რათა მომავალ დედას ან მშობლებს მიეცეთ უფრო მეტი დრო, რათა კარგად აწონ-დაწონონ ის ნაბიჯი, რომელიც მათ უნდა გადადგან", - განაცხადა ხადურმა.

აბორტის თემას ილია მეორე 2015 წლის საშობაო ეპისტოლეში შეეხო და მას ძალადობის ყველაზე საზარელი ფორმა უწოდა.

"დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ", - ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

კომენტარები