საშობაო ეპისტოლე 2015

ღარიბაშვილი აბორტზე: ჩვენ უნდა ვიფიქროთ მატებაზე, შვილებზე და არა მათ მოკვლაზე

facebook.com/GaribashviliOfficial

“პირადად მე ვარ წინააღმდეგი აბორტის. მიმაჩნია, რომ, თუ რაღაც განსაკუთრებული  აუცილებლობა არ არის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, მაშინ აბორტი არ უნდა გააკეთოს არცერთმა მოსიყვარულე ოჯახმა”, - ეს კომენტარი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც ილია II აბორტის თემას შეეხო.

ღარიბაშვილმა შეახსენა საზოგადოებას, რომ საქართველოში მოსახლეობა სულ უფრო მცირდება და ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ ხალხმა გამრავლებასა და მატებაზე იფიქროს.

“ცოლ-ქმარს უნდა უყვარდეს ერთმანეთი და, რაც მთავარია, უნდა იფიქრონ მატებაზე და შვილებზე და არა მათ მოკვლაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია, თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის. მე მინდა თქვენ შეგახსენოთ, რომ მოსახლეობა სულ უფრო მცირდება, ასე რომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ გამრავლებასა და მატებაზე და გაძლიერებაზე ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში აბორტს ძალადობის ყველაზე საზარელი ფორმა უწოდა

"გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა. დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ", -  ვკითხულობთ საშობაო ეპისტოლეში.

კომენტარები